თენგიზ ცერცვაძე: იდეალური იქნებოდა, რომ შეზღუდვები არ მოხსნილიყო
მოიხსნება თუ არა 24 დეკემბერს ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები, ჯერჯერობით, უცნობია.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, იდეალური იქნება, თუ მოქმედი შეზღუდვები არ გაუქმდება.
“იდეალური იქნებოდა, რომ შეზღუდვები არ მოხსნილიყო იმიტომ, რომ ამ გზით წავიდა ინგლისი, რომელსაც ახლა უჭირს, ამ გზით წავიდა გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, რომლებმაც კი არ მოხსნეს, გაამკაცრეს საშობაოდ და საახალწლოდ. ღონისძიებები იმ დონეზე გაამკაცრეს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ერთი სტუმარი შეიძლება, ჰყავდეთ საშობაოდ, გერმანიაში – ხუთი სტუმარი. საზოგადოების დაკვეთა არის ასეთი. ისინი მდიდარი ქვეყნები არიან ძალიან და ის ეკონომიკის რეცესია, რაც თან სდევს ე.წ. ლოქდაუნებს, მათთვის უფრო იოლად გადასატანი იქნება, ხოლო ეკონომიკურად სუსტი ქვეყნებისთვის ძალიან ძნელი გადასატანია”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.