მამუკა არეშიძე: მრჩება შთაბეჭდილება, რომ კრიზისული პანდემიური ვითარებიდან გამოსვლის შემდეგ მინისტრთა კაბინეტი აუცილებლად გადახალისდება
“ყველაფერზე, რასაც აკეთებს “ქართული ოცნება” და ხელისუფლება, პასუხისმგებელი მაინც ბიძინა ივანიშვილია და აუცილებელია, რომ ის, როგორც ლიდერი, ფორმალიზებული იყოს”, – ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
ექსპერტი იმედოვნებს, რომ პანდემიის შემდეგ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იქნება და ამჟამინდელი შემადგენლობა შუალედურია.
,,მეც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მთავრობის, ასე ვთქვათ, შუალედური შემადგენლობაა და კრიზისული პანდემიური ვითარებიდან გამოსვლის შემდეგ მინისტრთა კაბინეტი აუცილებლად გადახალისდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს არა მხოლოდ განცხადება კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბების თაობაზე – ეს თემა კარგა ხანია, მომწიფებულია – არამედ ისიც, რომ, მაგალითად, გოჩა ლორთქიფანიძე გახდა ჰააგის სასამართლოს წევრი, რაც ქვეყნის დიდი წარმატებაა, მაგრამ ამის გამო ის შეიძლება აღარც წარუდგინონ პარლამენტს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად, ან მალევე შეუწყვიტონ უფლებამოსილება. მესამე საკითხია ის, რომ მთავრობა აპირებს წარადგინოს ქვეყნის განვითარების ახალი სტრატეგია. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი დოკუმენტი მთლიანად არის გაწერილი, მაგრამ ამ სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესში, ვფიქრობ, მთავრობაში მოხდება როგორც სტუქტურული, ასევე პერსონალური ცვლილებები. ჯერჯერობით ეს სტრატეგია ნედლია და, შესაბამისად, მომავალში მოიაზრება მასთან დაკავშირებული ცვლილებები. მაგალითად, ერთ-ერთ უპირველეს პუნქტად იქ არის უსაფრთხოების საკითხი და თუნდაც ამ საკითხის კონტექსტში მე არ გამოვრიცხავ, რომ ახალ-ახალი გარემოებები გაჩნდეს, რადგან რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა – ახალი გამოწვევები და რისკები გაჩნდა. იგივე ვითარებაა ეკონომიკაშიც. ჩვენ ჯერ არ ვიცით, პანდემიის გამო რა ეკონომიკური ცვლილებები მოხდება მსოფლიოში”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
მამუკა არეშიძე ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” თავმჯდომარეობიდან წასვლის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ექსპერტის თქმით, ის აუცილებლად უნდა იყოს ისეთ პოსტზე, რომელიც მას საშუალებას მისცემს, მართოს ვითარება და საზოგადოებასაც ექნება საშუალება, იცოდეს, ვისთან აქვს საქმე.
,,მე თავის დროზე მისი პრემიერობიდან წასვლის წინააღმდეგი ვიყავი, მიმაჩნდა, რომ ის ვალდებული იყო, ბოლომდე მიეყვანა საქმე, რომელიც წამოიწყო. ჩემი აზრით, მაშინაც მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მისი სათანადო შემცვლელი პარტიაში არ იყო; არც ახლაა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მისი შემცვლელი “ქართულ ოცნებაში”. თუ გახსოვთ, პირველი უსიამოვნება, რაც გვქონდა მე და ბატონ ბიძინას პირდაპირ ეთერში, სწორედ ეს იყო – მე პრემიერობიდან მისი წასვლა უარყოფითად შევაფასე. ახლაც მიმაჩია, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან მისი წასვლა არაფრით არ შეიძლება. საქმე ის არის, რომ ყველაფერზე, რასაც აკეთებს “ქართული ოცნება” და ხელისუფლება, პასუხისმგებელი მაინც ბიძინა ივანიშვილია და აუცილებელია, რომ ის, როგორც ლიდერი, ფორმალიზებული იყოს. სხვა საკითხია, თუ მან სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო, რაზეც ვერ ვილაპარაკებ, რადგან არ ვიცი, რა შეიძლება ეს იყოს, მაგრამ თუ ყველაფერი ისე რჩება, როგორც აქამდე იყო, ის აუცილებლად უნდა იყოს ისეთ პოსტზე, რომელიც მას საშუალებას მისცემს, მართოს ვითარება და საზოგადოებასაც ექნება საშუალება, იცოდეს, ვისთან აქვს საქმე. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერენ მხარს, ძირითადად, მიხეილ სააკაშვილის გამო, ასევეა “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაშიც”, – განაცხადა ექსპერტმა.