ამირან სალუქვაძე – ბაჩალიაშვილის საქმეზე: შესაძლებელი იყო, გამოძიებასთან თანამშრომლობით, ჩუმად დადგენილიყო გარდაცვალებისა და თვითმკვლელობის მიზეზები და დეტალების გასაჯაროების საჭიროება არ დამდგარიყო
“გიღირდათ ოჯახს ამ ყველაფრის გასაჯაროება? ვაი გამომძიებლებს და უი პოლიტიკოსებს რაც ამოძრავებდათ, ყველამ ვიცით”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილებას.
როგორც სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, ძალებს, რომლებიც ამ საქმეს ვიწრო-პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებდნენ, მორალი არ გააჩნიათ.
,,გიღირდათ ოჯახს ამ ყველაფრის გასაჯაროება? ვაი გამომძიებლებს და უი პოლიტიკოსებს რაც ამოძრავებდათ, ყველამ ვიცით. ხომ ვადევნეთ თვალი, რა ისტერიკებს აწყობდნენ, როგორ იყენებდნენ კონკრეტულად ამ და სხვა ოჯახების უბედურებებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისათვის. ამ ძალებს არ გააჩნიათ მორალი, ეთიკური სტანდარტები, დაირღვა ყველანაირი ნორმები, ჟურნალისტურიდან დაწყებული, ელემენტარული, ადამიანურით დამთავრებული. ვიხილეთ ყველაფერი, აბსურდული თეორიები, ცილისწამებები, დარაზმული შტურმი ძალოვან სტრუქტურებსა თუ პოლიტიკოსებზე. მერე გიკვირთ ჩვენი თქვენდამი დამოკიდებულება. გამოძიებამ, რომელიც ეფუძნება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით მიღებულ ფაქტებს გარდაცვლილის სოციალური ქსელიდან თუ სხვა ელექტრონული მიმოწერებიდან. დეტალური ანალიზი წარმოადგინა – ამ ყველაფერს ვერ გააყალბებ. გადამოწმება შეუძლია ადვოკატსაც. არ დაიჯერებს მხოლოდ ფანატიკურად დაბრმავებული. მეცოდება მხოლოდ გარდაცვლილი, რომ ვერავინ უშველა. შესაძლებელი იყო, გამოძიებასთან თანამშრომლობით, ჩუმად დადგენილიყო გარდაცვალებისა და თვითმკვლელობის მიზეზები და დეტალების გასაჯაროების საჭიროება არ დამდგარიყო. სამწუხაროდ ეს შეგნება არ აღმოაჩნდათ”, – წერს სალუქვაძე.
პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე დახურა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.