თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
,,საქართველოს პროკურატურამ დაასრულა თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება. მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ”, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.