ილია მეორე: ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, წერილები – მაქვს გადაწყვეტილი, როდესაც საკმარისი შეგროვდება, წიგნად გამოვცეთ
“წმინდა ბარბარე არის მაგალითი მტკიცე სარწმუნოებისა, ერთგულებისა, ქრისტიანული რწმენისა. პრობლემები მუდამ ყოფილა და იქნება მშობლებსა და შვილებს შორის, აი, დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და გონება ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი ხალხისა”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.
მისივე თქმით, ღვთის გარეშე არაფერი ხდება.
„ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რაც ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია, თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა, არაფერი ხდება ღვთის გარეშე, შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა დალოცოს თავისი ერი. ითხოვდეთ და მოგეცეს, ეძიებდით და პოვოთ, აი, დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენით განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებასა და სულში, დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, არ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები, რომ დასწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, უნდა მიმართოთ და გამომიგზავნოთ მე. მე მაქვს გადაწყვეტილი, როდესაც საკმარისი შეგროვდება, გამოვცეთ წიგნად“, – აღნიშნა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც საზეიმო პარაკლისს იხდის.