ლევან დავითაშვილი: მზარდი დინამიკა სოფლის მეურნეობაში თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია

“რა თქმა უნდა, ჩვენ სიღარიბე არ დაგვიძლევია 100 %-ით  და არც  100 %-ით მიგვიღწევია კეთილდღეობისთვის,  მაგრამ  ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი”, –   ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მზარდი დინამიკა სოფლის მეურნეობაში თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

„ჩვენი დამოუკიდებლობის პირობებში ისტორიული მაქსიმუმი გვაქვს  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობების გამოშვებაში – ეს არის დაახლოებით 5 მლრდ 800 მლნ საპროგნოზო მონაცემი.

2020 წლის ბოლო 2 კვარტლის მონაცემები ჯერ შეჯამებული არ არის, თუმცა სამინისტროს მიერ გაკეთებული    ანალიზის მიხედვით,   2010 წლიდან  დღემდე სახეზეა  მზარდი დინამიკა   რაც, სოფლის მეურნეობაში მიღებული შედეგებით  ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. ეს არის  იმ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რასაც სამინისტრო  ახორციელებს.

რა თქმა უნდა, ჩვენ სიღარიბე არ დაგვიძლევია 100 %- ით  და არც  100 %-ით მიგვიღწევია კეთილდღეობისთვის,  მაგრამ  ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, რომელიც ამ რიცხვებში არის გამოხატული და ასეთი  თანმიმდევრული პოლიტიკის პირობებში,  მერწმუნეთ, რამდენიმე წელიწადში შევძლებთ  როგორც თვითუზრუნველყოფის, ასევე  თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის გაზრდას.

ისტორიულ მაქსიმუმზეა აგროსასურსათო სექტორის მთლიანი გამოშვება და 2020 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 12 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 5 მლრდ  400 მლნ  პირველადი წარმოებაა, 6 მლრდ-ზე მეტი კი  გადამუშავების შედეგად  არის მიღებული.

აღსანიშნავია  ისიც, რომ სოფლის მეურნეობის დარგში დამატებითი ღირებულება ორიათასი წლების დასაწყისიდან  2012 წლამდე  მცირდებოდა.  ჩვენს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების შედეგად   2017 – 2020 წლებში აღინიშნება  დამატებითი ღირებულების  მუდმივი ზრდა, რაც  სწორი პოლიტიკის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.

მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო შედეგებია  ვაჭრობის მაკრომაჩვენებლები.  ხშირად ისმის კითხვა – სოფლის მეურნეობაში  რამდენად თვითუზრუნველყოფილები ვართ თუ ყველაფერს იმპორტირებულს მოვიხმართ?  – 2012 წლისთვის, აგრო-სასურსათო პროდუქტების  ვაჭრობის დეფიციტი თითქმის 800 მლნ-მდე გვქონდა. დღეს, აღნიშნული მაჩვენებელი   ისტორიულ მინიმუმზეა და   251 მლნ-ს შეადგენს.  ჩვენი მიზანია,  შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ეს დეფიციტი აღმოვფხვრათ,  საქართველო იქნება ნამდვილად თვითუზრუნველყოფილი ქვეყანა და ამის მაჩვენებელი იქნება მეტი ექსპორტი, იმპორტთან შედარებით, რაც დამატებითი სავალუტო შემოდინებების წყაროა  ეკონომიკაში“, – განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები