ხათუნა სამნიძე: ხელისუფლებას უკვე ძალიან მცირე დრო აქვს, რომ ნამდვილად ერთპარტიული პარლამენტი არ მიიღოს

“ხელისუფლებას უკვე ძალიან მცირე დრო აქვს, რომ ნამდვილად ერთპარტიული პარლამენტი არ მიიღოს”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადების შეტანა მოლაპარაკებებს ხელს არ შეუშლის, პირიქით, ხელისუფლებას დაარწმუნებს, რომ ოპოზიციის ბოიკოტი სერიოზულია.

„ჩვენს ბლოკში ყველა შეთანხმებული ვართ, რომ დღეს ვწერთ და ვარეგისტრირებთ ჩვენს განცხადებებს, რადგან დღეს გაიხსნა თარიღი მანდატის დათმობასთან დაკავშირებით. ხელისუფლებისგან ძალიან ხშირად გვქონდა ასეთი კომენტარი, რომ არ არსებობს, არ გვჯერა, ოპოზიცია ამას არ გააკეთებს, ოპოზიცია შემობრძანდება პარლამენტში. ანუ ხელისუფლების მხრიდან არასერიოზულ დამოკიდებულებას ვხედავდით, რაც მოლაპარაკების პროცესში ქმნიდა დაძაბულობასა და განცდას, რომ ეს მოლაპარაკებები არსად არ მიგვიყვანს.

მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, მანდატების დათმობაზე განცხადების ჩაბარება არ გამოიწვევს მოლაპარაკების შეწყვეტას. პირიქით, ეს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ოპოზიციის განაცხადი ბოიკოტსა და მანდატების ჩაბარებაზე არის სერიოზული. მოლაპარაკებები გრძელდება. ხელისუფლებას უკვე ძალიან მცირე დრო აქვს, რომ ნამდვილად ერთპარტიული პარლამენტი არ მიიღოს და სერიოზული ნაბიჯები გადმოდგას. ერთი კვირა მაინც სჭირდება ამ განცხადებების განხილვას და იმედი მაქვს, ეს პერიოდი ვიქნებით იმ ფაზაში, როდესაც ხელისუფლება რეალისტურად შეაფასებს ვითარებას“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები