ლევან დავითაშვილი: მონადირეებს მოსაკრებლის ქვითრის დედნის წარდგენა აღარ უწევთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2020 წელს, მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, გათავისუფლდა ვალდებულებისგან – ნადირობის სეზონის განმავლობაში თან იქონიოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მისივე თქმით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინიციატივით, გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში (ms.emoe.gov.ge) დაინერგა ელექტრონული მოდული „სახაზინო კოდი – 3033 გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებელის გადახდის თაობაზე“ – რომლის მეშვეობით კონტროლის განმახორციელებელი ელექტრონულ სისტემაში ამოწმებს მოსაკრებლის გადახდის ფაქტს.
“ინიციატივის მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ უფრო ეფექტური კონტროლის განხორციელება და, ასევე, მონადირეების ინტერესების დაცვაა.
მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033”, – აღნიშნა მინისტრმა.