2020 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 6 405 ფაქტი გამოვლინდა
“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2020 წელს, გამოვლინდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 6 405 ფაქტი, მათ შორის, 367 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს”,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სამართალდარღვევებზე დაკისრებული ჯარიმების თანხამ, ჯამში, 1 602 800 ლარი, ხოლო გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 3 758 345 ლარი შეადგინა.
“2020 წელს, რეგულირების ობიექტების 1547 ინსპექტირება განხორციელდა, მათ შორის, 46 – საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ინსპექტირება გარემოსდაცვითი მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. საწარმოებისა და ხე-ტყის დამზადების ლიცენზიანტების შემოწმების მთავარი შედეგი ის გახლავთ, რომ ისინი ცდილობენ გამოვლენილი დარღვევები აღმოფხვრან და მათი საქმიანობა, მაქსიმალურად შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს.
მასშტაბური სახე მიიღო პარკების მწარმოებლების შემოწმების პროცესმა, რათა საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის პარკები და შემცირდეს გარემოს დაბინძურება. 2020 წელს პარკების მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაილუქა და კონფისკაციას დაექვემდებარა 2 142 450 ერთეული პლასტიკის პარკი.
2020 წელს „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განხორციელდა 20 შემოწმება. აღსანიშნავია, რომ შემოწმებების შედეგად გარემოში გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმის ინტროდუქციის ფაქტი არ გამოვლინდა.
გრძელდება საავტომობილო საწვავის ხარისხის კვლევა, მიწოდების პროცესში და აღნიშნული ღონისძიებების შედეგად მინიმუმადე შემცირდება არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც თავისთავად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. 2020 წელს ქვეყნის მასშტაბით, 280 ავტოგასამართი სადგურის რეზერვუარებიდან საწვავის 344 სინჯია აღებული. ჯამში, დიზელისა და ბენზინის მხოლოდ 33 სინჯი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს.
დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 24-საათიანი ცხელი ხაზის ფუნქციონირებას. 2020 წელს, გარემოსდაცვითი სავარაუდო სამართალდარღვევის შესახებ ცხელ ხაზზე (153) შევიდა 2 592 შეტყობინება. თითოეულ შეტყობინებაზე დეპარტამენტი შესაბამის რეაგირებას ახდენს და კანონმდებლობით დადგენილ ზომებს ატარებს”,- განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმითვე, “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება.
“2020 წელს, საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე მომზადდა.
კანონპროექტის მიზანია გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მონეტარული ანაზღაურების ნაცვლად, გარემოს აღდგენის ეფექტური, საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის დანერგვა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენციის/შერბილების ღონისძიებების შესრულების უზრუნველყოფა.
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციები ეფუძნება პრინციპს – „დამბინძურებელი იხდის“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ვალდებულია აანაზღაუროს გარემოზე მიყენებული ზიანი. ზიანის მიმყენებელი პირი ვალდებული იქნება ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები თავად განახორციელოს. ახალი მიდგომის მთავარი მიზანი გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენცია და აღმოფხვრაა. კანონპროექტით იქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი არამხოლოდ მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიებისთვის, არამედ ყველა საწარმოსათვის, რომ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში, მათ განახორციელონ შესაბამისი სარემედიაციო ღონისძიებები და საქმიანობის განხორციელებამდე შექმნან მყარი ფინანსური გარანტიები, რომ თუკი ზიანი დადგება, მათ ჰქონდეთ სათანადო თანხები მობილიზებული ზიანის მოკლე ვადაში აღმოსაფხვრელად. საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებათა პაკეტის მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, დადგინდება ადეკვატური სანქციები, რაც გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია”,- განაცხადა დავითაშვილმა.