მაკა ბოჭორიშვილი: წინ ძალიან შრომატევადი ოთხი წელი გველის, რამეთუ ჩვენი მთავარი მიზანია, 2024 წელს გავაკეთოთ ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პირველ სხდომაზე კოლეგებს, ამომრჩევლის ნდობის მოპოვება მიულოცა და წარმატებული საკანონმდებლო საქმიანობა უსურვა.

ამასთანავე, მან იმედი გამოთქვა, რომ ოპონენტები პარლამენტში შემოვლენ და საკანონმდებლო ორგანოში ღირსეულ ოპონირებას შეძლებენ.

„იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი კოლეგები ოპოზიციური პარტიებიდან საბოლოოდ, ზურგს არ აქცევენ საკუთარ ამომრჩეველს, საკუთარ ქვეყანას. შემოგვიერთდებიან საკანონმდებლო ორგანოში და ღირსეულ ოპონირებას გაგვიწევენ”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დასახული, ამბიციური სამომავლო გეგმა გულისხმობს 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებას.

„ერთი მხრივ არის, საქართველოს ევროპული გზის ლოგიკური გაგრძელება და, მეორე მხრივ, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის უმთავრესი ეტაპის დასაწყისი. შესაბამისად, მომდევნო 4 წლის საქართველოს პარლამენტის საქმიანობის მთავარი ღერძი, სწორედ ამ გადამწყვეტი ნაბიჯისთვის მომზადება იქნება, რაშიც ჩვენი კომიტეტის მუშაობას განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია არის ყოვლისმომცველი პროცესი, რაც ნიშნავს ევროპული სტანდარტების დანერგვას ყველა სფეროში, ამიტომ კომიტეტის საქმიანობა მჭიდროდ იქნება დაკავშირებული სხვა დარგობრივი კომიტეტების საქმიანობასთან.

„ევროკავშირში ინტეგრაცია ეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ბუნებრივია, ეს პროცესი მოითხოვს როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ჩვენს მუშაობაში. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან მჭდრო თანამშრომლობას”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მაკა ბოჭორიშვილმა გლობალურ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც არა მარტო ჩვენი ქვეყნის არამედ, მსოფლიოს წინაშე დგას.

„პანდემიის ეკონომიკური შედეგები სახარბიელო ნამდვილად არავისთვის იქნება და არც საქართველოა გამონაკლისი, რომელსაც მოუწევს მასთან გამკლავება. ეს იქნება დამატებითი ტვირთი, რაც უნდა ვატაროთ ეკონომიკური რეფორმების გზაზე, რომლის ამოცანაა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის ერთიან შიდა ბაზარში ინტეგრაცია. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ქართული ეკონომიკის მოდერნიზების და დივერსიფიკაციის, ევროპული ხარისხის დანერგვის დაჩქარებას და ევროკავშირთან სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას,” – გამაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და ხაზი გაუსვა აღნიშნულ პროცესში ბიზნესის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერებას.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქვეყნის ამბიციაა – საქართველოს ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი ქვეყანის სტატუსი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით, რაც შეიძლება მალე შეიცვალოს. „ამისთვის, ბუნებრივია, 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან ერთად, ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი უნდა ვაწარმოოთ. საქართველოს პარლამენტის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის და პარტნიორობის გაღრმავების კუთხით. ვფიქრობ, ევროინტეგრაციის კომიტეტმა მუშაობა უნდა დაიწყოს განახლებული ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, სტრატეგიისა და სამუშაო გეგმის შემუშვებით”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, რის შემდგომაც სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.

მაკა ბოჭორიშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კოლეგებს, მარიამ ქვრივიშვილის კანდიდატურა წარუდგინა და მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები გააცნო.

კომიტეტმა წარმოდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

„ჩვენი გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ, დაჩქარებული ტემპებით, 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში საქართველოს წევრობის შესახებ. მე, ისევე როგორც ჩემი გუნდის თითოეული წევრი. გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ დასახულ მიზანს სწრაფად მივაღწიოთ. ჩემი არსებული გამოცდილება, რაც გულისხმობს კერძო სექტორში თუ საჯარო სექტორში მუშაობას, მაძლევს იმის საშუალებას ვთქვა, რომ ჩემი ხმა სრულებით დაფარავს როგორც ბიზნესის, ისე საზოგადოების ხმას საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენ ძალიან მჭიდროდ გავაგრძელებთ მუშაობას აღმასრულებელ ორგანოსთან ისევე, როგორც სამოქალაქო და ბიზნეს სექტორთან”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომიტეტმა მხარი ასევე დაუჭირა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ლევან ქარუმიძის კანდიდატურის არჩევას.

„წინ ძალიან შრომატევადი ოთხი წელი გველის, რამეთუ ჩვენი მთავარი მიზანი არის 2024 წელს გავაკეთოთ ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. მინდა ყველას წარმატება და გამძლეობა გისურვოთ ამ ოთხი წლის განმავლობაში”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

დღესვე, კომიტეტმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დებულება ერთხმად, დაამტკიცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები