„პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლის ნაბიჯი მოსალოდნელი იყო, ის გრძნობდა, რომ ზედმეტი ელემენტი იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ და აშკარა იყო, ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა”, – ამის შესახებ ექსპერტმა და საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილმა მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ზაქარეიშვილი აღნიშნავს, ვაშაძემ ჩათვალა, რომ „ნაცმოძრაობა“ ის პარტია არ არის, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობდა.
„არჩევნებში ნაჩვენები შედეგების გამო, „ნაციონალურ მოძრაობაში“, თითქოს და, წარმატებისგან თავბრუსხვევაა. „ქართულმა ოცნებამ” კარგად იმუშავა, რომ „მტრის ხატი“ მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ ყოფილიყო, ანუ ვისაც „ოცნება“ არ უნდოდა, მათ მისცე ხმები. აშკარად ჩანს, ბოლო წვეთი მართლაც რომ ევროკავშირის ელჩებზე თავდასხმები და უმსგავსო მოქმედებები იყო მათ წინააღმდეგ, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული ტელევიზიიდან, „მთავარი არხიდან“ წამოვიდა, თუმცა, ყველაფერს თავის საზღვარი აქვს.
ვაშაძე ქუჩაში არ დარჩება, უბრალოდ, მიხვდა, რომ შექმნილი ფონის უკან მისი ადგილი პარტიაში არ არის და ფიქრობს, რომ ისე არ მიდის საქმე, როგორც იგი თვლის საჭიროდ. მან ჩათვალა, რომ ეს ის პარტია არ არის, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი მყარი, რელიგიურ ორგანიზაციაში გადასული ამომრჩეველი ჰყავს, რომელსაც ბრმად სწამს და სჯერა სააკაშვილის, ასე რომ, გრიგოლ ვაშაძის წასვლა მათ პარტიას ნაკლებად შეასუსტებს. ამ ყველაფერს სააკაშვილიც გრძნობს, რომ მისი პარტია რელიგიურ ორგანიზაციას დაემსგავსა და მათზე მანიპულირებას ახდენს. ძალიან ცუდია, რომ ოპოზიციის ფლაგმანი „ნაცმოძრაობაა“.
არჩევნებამდეც ჩანდა, რომ მათ პარტიაში იყო რყევები, ხალხი მიდიოდა პარტიიდან, უკმაყოფილოები ჩანდნენ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს აქვს გათვლა, რომ შეიძლება, ვიღაცები წავიდნენ, თუმცა, შეინარჩუნებს ბირთვს, რომელზეც მომავალში გათვლა ექნება”, – განუცხადა „კვირას” პაატა ზაქარეიშვილმა.