ტოტალიზატორის საშუალებით ყალბი ფულის გასაღება – საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, კუსტარულად დამზადებული თაბაშირის ყალიბებისა და ნედლეულის სახით ტყვიის გამოყენებით, ამზადებდნენ ყალბ 1-ლარიან მონეტებს, რომლებსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით. აღნიშნული თანხა ირიცხებოდა ონლაინ ტოტალიზატორებში მათივე სადეპოზიტო ანგარიშებზე, საიდანაც შემდგომში ხდებოდა მისი განაღდება.

ბრალდებულ პირთა მიერ გასაღებული ყალბი ერთლარიანი მონეტები ზომით, წონითა და სხვა პარამეტრებით მიმსგავსებულია ეროვნული ბანკის მიერ ემისირებულ მონეტებს. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მათ მიერ გასაღებულია, ჯამურად, დაახლოებით, 8 000 ცალი ყალბი მონეტა. ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლისა და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებლად საჭირო ყალიბები, შესაბამისი ნედლეული და 41-ცალი ყალბი ერთლარიანი მონეტა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები