იოსებ არჩვაძე – ეკონომიკის მინისტრის ანგარიშზე: პანდემიის მიუხედავად, როგორც ადგილობრივი, ისე საზღვარგარეთელი ინვესტორები ოპტიმისტურად უყურებენ ბიზნესის პერსპექტივებს საქართველოში
”პანდემიის მიუხედავად, როგორც ადგილობრივი, ისე საზღვარგარეთელი ინვესტორები ოპტიმისტურად უყურებენ ბიზნესის პერსპექტივებს საქართველოში”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე თავის ,,ფეისბუქგვერდზე” წერს.
ექსპერტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა წლიურ ანგარიშს გამოეხმაურა. აღნიშნული პრეზენტაცია მთავრობის 2020 წლის ანგარიშის ფარგლებში გაიმართა.
„საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას ანგარიში 2020 წელს გაწეულ მუშაობაზე მოუწია აბსოლუტურად განსხვავებულ ვითარებაში წინა წლის ანგარიშთან შედარებით. გლობალურმა პანდემიამ რადიკალური ცვლილებები შეიტანა სახელმწიფო გეგმების განხორციელების მასშტაბებსა და ღონისძიებათა პრიორიტეტებში. წინა პლანზე წამოწეულ იქნა მოსახლეობის სამედიცინო დაცვის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის ამოცანები, რასაც დაექვემდებარა ეკონომიკური საქმიანობა და გატარებული ღონისძიებები,“ – აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი.
ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის საქმიანობის ოთხ მთავარ მიმართულებაზე. კერძოდ, საუბარია ჯანდაცვის სფეროსადმი აღმოჩენილ დახმარებაზე, რასაც დაექვემდებარა მანამდე არნახული მასშტაბების (ფინანსური, მატერიალური, ადამიანური) სახელმწიფო რესურსები (მათ შორის საზღვარგარეთიდან მოზიდული); პანდემიით გამოწვეული კრიზისისაგან დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის პაკეტზე; ეკონომიკური კრიზისისაგან ყველაზე დაზარალებული სფეროებისათვის (მცირე და საშუალო ბიზნესი, მათ შორის სასტუმროები, რესტორნები და ა.შ.).
„მაშველი რგოლის“ გადაგდება სუბსიდირების სახით და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. „ყველა მათგანი ხორციელდებოდა სტრუქტურული რეფორმების პერმანენტული განხორციელების რეჟიმში, რომელიც მიმართული იყო კერძო სექტორის შემდგომი კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, კაპიტალის ბაზრის განვითარების, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებისა და მიმზიდველი საინვეტიციო გარემოს ფორმირებისათვის.
პანდემიის მიუხედავად, როგორც ადგილობრივი, ისე საზღვარგარეთელი ინვესტორები ოპტიმისტურად უყურებენ ბიზნესის პერსპექტივებს საქართველოში. მარტო მომპოვებით მრეწველობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2-ჯერაა გაზრდილი, ხოლო წლის დასაწყისიდან უკვე გაცემულია 435 ლიცენზია საქართველოს წიაღისეულით სარგებლობაზე. ყველაფერი ეს ქმნის საკმაოდ მძლავრ კუმულატიურ დადებით მუხტს, რომ 2021 წელს ეკონომიკაში დაფიქსირდეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიური დინამიკა (გათვალისწინებულია მშპ-ის 4.3%-იანი ზრდა – მომდევნო წლებში კიდევ უფრო მაღალი დინამიკის მიღწევის პერსპექტივით). შესაბამისად, არის ქართველი ხალხის სურვილი, ხელისუფლების პოლიტიკური ნება და საკმარისად დაგროვილი მატერიალური, ინტელექტუალური და ინსტიტუციური რესურსი საქართველოს ეკონომიკის მდგრადი და დინამიური განვითარებისა და ამ ასპექტით რეგიონული ლიდერის როლის შესასრულებლად,“ – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.