ნინო ნიჟარაძე: აჭარაში ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენცია ფიქსირდება – სტაციონარებში 200 თავისუფალი საწოლი ყოველდღიურად გვაქვს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, რეგიონში ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენცია ფიქსირდება.

მისივე თქმით, რეგიონის კლინიკებში ამ დროისთვის 200-ზე მეტი თავისუფალი ადგილია.

„ყოველდღიურად დაახლოებით 1 700-1 800 ტესტი კეთდება. შაბათ-კვირის ინტენსივობა შედარებით დაბალი იყო, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი შედარებით დაბალია. თუ ის იყო 30-35 პროცენტი, რეგიონში პროცენტული მაჩვენებელი უკვე 20 პროცენტზეა დასული. ეს ნიშნავს, რომ რეალურად დაინფიცირების შემთხვევები არის ნაკლები.

მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ ეს პროგნოზი არ გვაძლევს იმის საშუალებას, ვისაუბროთ ხანგრძლივ ტენდენციებზე. თუ შენარჩუნდება აღნიშნული ტემპი და ისევ იქნება მკვეთრად გამოხატული კლებადი ტენდენცია, ეპიდსიტუაციაც უფრო მეტად კეთილსაიმედო იქნება. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას ჯერჯერობით ისევ მოვუწოდებ ყველა რეკომენდაციის დაცვისაკენ“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, აჭარის რეგიონში რამდენიმე კოვიდსასტუმროს დახურვაც იგეგმება.

„სტაციონარებში 200 თავისუფალი საწოლი ყოველდღიურად გვაქვს. ასევე, თავისუფალი ნომრები გვაქვს კოვიდსასტუმროებში. უკვე ვგეგმავთ რამდენიმე კოვიდსასტუმროს დახურვას. რაც შეეხება საავადმყოფოებში ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობას, აქაც გვაქვს საწოლები თავისუფალ მდგომარეობაში და მიმდინარე კვირაში ველოდებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან ჟანგბადის დამატებით აპარატებს, რაც ხელს შეგვიწყობს, დავგეგმოთ მომდევნო პერიოდი როგორც კოვიდინფიცირებული პაციენტების სამედიცინო დახმარების გაწევის სფეროში, ისე – არაინფიცირებულებშიც“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 212 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 412 ინფიცირებული. აჭარაში კორონავირუსი უკვე დაამარცხა – 25 885-მა პაციენტმა

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები