შალვა ნათელაშვილმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა.
შესაბამისი განცხადება ნათელაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარადგინა.
„ბარდება განცხადება ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ვდებ ამ მანდატს ქართველი ხალხის წინაშე. მანდატიც, პარლამენტიც, ძალაუფლებაც, მთავრობაც და ეროვნული სიმდიდრეებიც ჩვენს ხალხს ეკუთვნის და მისი მითვისების უფლება არავის აქვს. ჩვენ უარს ვამბობთ ხელფასებზე, პრემიებზე, კაბინეტებზე, ავტომანქანებსა და ყველა იმ პრივილეგიაზე, რომელიც პარლამენტში შესულ „ქართუ ბანკის“ ივანიშვილისეულ ხროვას არ ეკუთვნის. მათ მიიტაცეს ძალაუფლება, ხელისუფლების უზურპაცია მოახდინეს. დროა, ეს შენობა დაცალონ, წავიდნენ იქ, სადაც მათი ადგილია. ქართველ ხალხს ისინი აქ არ აურჩევია. ივანიშვილის ტირანია ძალიან მალე დამთავრდება. ჩვენ უახლოეს ხანში მოწმენი გავხდებით საარჩევნო რეფორმების, რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციისა და მონაწილენი გავხდებით ახალი დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების, რომელიც მოიტანს მრავალპარტიულ, პასუხისმგებლობით სავსე კოალიციურ მთავრობას. ეს განცხადება დაწერილია გულით, ტკივილით და მე დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის შემდეგ ავყიები და ბოროტები, ვისაც პათოლოგიურად ვძულვარ უკვე 30 წელია, არ დამიწყებენ საქმის გარჩევას, რომ ამირჩიეს და არ შევედი თურმე პარლამენტში. ასეთ პარლამენტში შესვლა შეიძლება?! ასეთი ხელისუფლების ლეგიტიმაცია შეიძლება?! ეს ხომ დანაშაული იქნება საუკუნისა და მომავალი თაობის წინაშე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.