„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი – გამორიციხულია „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლაზე საუბარი

„ქართული ოცნებიდან” იყო თხოვნა და აინტერესებდათ ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) შესახებ ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ღია ვართ და ნებისმიერ მხარეს, ვისაც აინტერესებს PVT, თუ რაღაც საკითხი ჩვენს ანგარიშთან დაკავშირებით, ან ნებისმიერ სხვა თემაზე, რაზეც ორგანიზაცია მუშობს, ვართ სრულიად ღია. ჩვენი ვალდებულებაცაა, რომ ნებისმიერს შევხვდეთ, იქნება ეს მმართველი პარტია, ოპოზიციური პარტია, მედია თუ ვინმე სხვა დაინტერესებული მხარე, მივაწოდოთ ინფორმაცია, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა  ელენე ნიჟარაძემ „საზოგდოებრივ მაუწყებელს“ განაცხადა

„მე შევხვდი პირადად, რაღაც კითხვები ჰქონდათ, ვისაუბრეთ. მათი მხრიდან იყო მოთხოვნა, რაც გააჟღერეს კიდევაც, რომ PVT უბნები მიგვეწოდებინა, სადაც PVT დაკვირვება ხორციელდებოდა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს. უნდოდათ, მაგრამ მიიღეს უარი, იმიტომ არა, რომ ამ შემთხვევაში მმართველი პარტია იყო, ნებისმიერ სხვა პარტიას რომ მოეთხოვა, მედიას ან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, თუნდაც ჩვენს პარტნიორს საია-ს, იქნებოდა უარი, რადგან ეს არის კონფიდენციალური“, – აცხადებს ნიჟარაძე.

კიდევ ერთ შეკითხვაზე, რომლის შესახებაც მიდის საუბრები, ხომ არ ჰქონია ზეწოლას ადგილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, ნიჟარაძე აცხადებს: „გამორიცხულია, არა, რა ზეწოლა. ეს ასე რომ ყოფილიყო, მივაწვდიდი ინფორმაციას. არა, გამორიციხულია ზეწოლაზე საუბარი, ძალიან ისეთი კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა. კითხვები ჰქონდათ, ვუპასუხე, მათთვის შეიძლება, დამაკმაყოფილებელი არ იყო და უნდოდათ ეს უბნები, მაგრამ არავინ არ იღებს ამ უბნებს, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ვერავის ვერ მივაწვდით ამ უბნებს, რადგან ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია“, – განაცხადა  ელენე ნიჟარაძე.

ცნობისთვის,  „სამართლიანი არჩევნების“  მიერ გუშინ გავრცელებული ხმების დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%.

წყარო: „საზოგდოებრივი მაუწყებელი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები