Covid-19 – მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებელი იზრდება

აშშ-ში კოვიდით გარდაცვალების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა 11 სექტემბრის ტერაქტის და პერლ ჰარბორის შეტაკების დროს გარდაცვლილთა მაჩვენებელს გაასწრო.

2001 წლის 11 სექტემბერს 2 977 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო პერლ ჰარბორის თავდასხმისას, 2 403. მხოლოდ 9 დეკემბერს, ერთ დღეში, აშშ-ში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა იყო 3 214, ასევე 3000-ზე მეტი იყო გარდაცვლილთა მაჩვენებელი 10 და 11 დეკემბერს.

კალიფორნიის შტატმა გამოცხადა, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში არცერთი ადგილი აღარაა.
ფაუჩის განცხადების თანახმად, აშშ-ში ჯერ კიდევ არის მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც არ სჯერა კოვიდის არსებობის. ფაუჩი ამბობს, რომ ზამთრის რთული თვეები წინაა და მოუწოდებს ამერიკელებს დაიცვან წესები და აცხადებს, რომ შედეგის მიღწევა მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი. თეთრი სახლის განცხადებით, კოვიდინფიცირების მაჩვენებელი გაზაფხულამდე არ შემცირდება

ამერიკელების 42% აცხადებს, რომ მათი შემოსავლები უფრო დაბალია, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე (bankrate.com-ის გამოკითხვა, კომპანია მუშაობს სახლების ყიდვა/გაყიდვაზე, სესხებსა და დაზღვევაზე). მათი შემოსავლები შემცირდა სამსახურების დახურვის/შემცირებების ან შემცირებული სამუშაო საათების გამო. ანალიტიკოსების აზრით, ეს მდგომარეობა კიდევ დიდხანს შენარჩუნდებამასაჩუსეტსის შტატში, სასამართლომ შტატის გუბერნატორს მისცა უფლებამოსილება, პანდემიის საპასუხოდ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა. სასამართლომ უარყო გარკვეული ჯგუფების მოსაზრებები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ გუბერნატორისთვის ამ უფლების მინიჭების საკითხს და კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე დაობდნენ. პასუხად მოსამართლემ განაცხადა, რომ კანონი უფლებას აძლევს გუბერნატორს, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა ნებისმიერი ბუნებრივი კატასტროფის დროს, მათ შორის, კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის პირობებში.

გერმანიაში გადული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 29 875 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის პანდემიის დაწყებიდან რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია;
გერმანიაში იწურება ინტენსიური თერაპიის განყოფილებების შესაძლებლობები – როგორც სამედიცინო პერსონალის თვალსაზრისით, რომელიც გადაღლილია, ისე საწოლების რაოდენობით. ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში, საწოლების 70-90% დაკავებულია.

მერკელის განცხადებით, თუ მოქალაქეები არ დაიცავენ წესებს შობამდე/შობის პერიოდში, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება. მისი განცხადება იყო რადიკალური – „ეს იქნება ბოლო შობა ბებია-ბაბუასთან გატარებული“.

„თუ ახლა, შობის წინა პერიოდში, ჩვენ გვეყოლება ბევრი კონტაქტი და ეს დასრულდება იმით, რომ იქნება ბოლო შობა ბებია-ბაბუებთან გატარებული, მაშინ ჩვენ ყველანი წავაგებთ ბრძოლას. ეს არის ის, როგორც არ უნდა მოვიქცეთ“ – განაცხადა ანგელა მერკელმა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უფრო მკაცრი „ლოქდაუნის“ დაწესების საჭიროებაზე ისაუბრა. ბავარიის მიწის პრემიერ-მინისტრმა, მარკუს ზოდერმა კი განაცხადა, რომ შობიდან 2021 წლის 10 იანვრამდე, სრული „ლოქდაუნი“ უნდა გამოცხადდეს. 13 დეკემბერს, გერმანიის ხელისუფლება დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ იმსჯელებს.
ნოემბრის დასაწყისში, გერმანიაში დაიკეტა კაფეები, ბერ-რესტორნები, თეატრები, კინოდარბაზები, ფიტნეს ცენტრები.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიცია უფრო მკაცრად ჩაატარებს შემოწმებებს და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ზომებს გაატარებს; საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მინიმუმ იანვრამდე დაკეტილი იქნება კინოთეატრები. ლოქდაუნის დამატებითი ღონისძიებების შესახებ კი ჯერ ისევ მიმდინარეობს მსჯელობა. ხალხმრავალი შეკრებების თავიდან აცილების მიზნით, 0:00 საათიდან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი ახალი წლის ღამესაც ძალაში დარჩება, თუმცა გამონაკლისის სახით, ის შობის ღამეს არ იმოქმედებს; კინოთეატრები, თეატრები, მუზეუმები და კაზინოები 2021 წლის 7 იანვრამდე დახურული დარჩება. ბარები და რესტორნები სულ მცირე მ/წ 20 იანვრამდე არ გაიხსნება.

პალესტინის ავტონომიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დასავლეთ სანაპიროს ცალკეულ ქალაქებში დაწესებული კარანტინის დარღვევისთვის სასჯელი 1 000 იორდანული დინარის (დაახლოებით 1400 აშშ დოლარი) ჯარიმა, ან 1 წლიანი პატიმრობა, ან ჯარიმაც და პატიმრობაც იქნება.

გასული 24 საათის განმავლობაში, იტალიაში დაფიქსირდა კოვიდით გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელი – 887 შემთხვევა. ხოლო დღიური მაჩვენებელი გაიზარდა 16 999-ით.

12 დეკემბრიდან 2021 წლის 22 იანვრის ჩათვლით, შვეიცარიის იმ კანტონებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია, კომენდანტის საათი 19:00 საათიდან ამოქმედდება.

14 დეკემბრიდან, რუმინეთში არსებული საგანგებო მდგომარეობა 30 დღით გახანგრძლივდა. ქვეყანაში უკვე მოქმედებს დისტანციური სწავლება, ნიღბების ტარება საჯარო სივრცეებში, დისტანციური რეჟიმით მუშაობა და ღამის პერიოდში კომენდანტის საათის და სხვ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 600 შემთხვევას პირველად გადააჭარბა (613). ამასთან, გამოვლენილ ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 585 ფაქტი შეადგინა;

ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში COVID-19-ით გარდაცვალების ანტირეკორდები მყარდება. 10 დეკემბერს, კორონავირუსისგან 285 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 514 ფაქტი შეადგინა. COVID-19-ის გავრცელების მხრივ, უკრაინა ევროპულ ქვეყნებს შორის მე-6 ადგილს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები