ომბუდსმენი: ერთ–ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეთა დაკავებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტები

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განმარტებით, 2020 წელს ომბუდსმენის აპარატის მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა წარმოადგენდა.

მისივე შეფასებით, ერთ–ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეთა დაკავებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტები.

“2020 წელს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა წარმოადგენდა. წინა წლების მსგავსად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმწვავეს პრობლემად რჩება გადაადგილების თავისუფლება, ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა და ბორდერიზაციის პროცესი, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების, ჯანდაცვის სერვისებსა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით. ერთ–ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეთა დაკავებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტები. სახალხო დამცველისთვის განსაკუთრებულად საგანგაშოა ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუას 9 წლიანი უკანონო თავისუფლების აღკვეთა მისი გამოხატვის უფლებით სარგებლობის გამო. ასევე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის დაჭრის, გატაცებისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის ფაქტი. დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, გასული წლების მსგავსად, კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში მცხოვრები დევნილი ოჯახების უფლებრივი მდგომარეობა. ასეთი ობიექტებიდან დევნილთა განსახლების პროცესის დასაჩქარებლად, აუცილებელია, სახელმწიფომ გამოიყოს დამატებითი რესურსი. პრობლემურია ისიც, რომ ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული ასეთი ობიექტებიდან დევნილთა განსახლების წესი. ამავდროულად, ქვეყნის მასშტაბით ასეთი შენობების რაოდენობრივი სტატისტიკური მონაცემები, რომელშიც დევნილები განაგრძობენ ცხოვრებას, დაზუსტებას და სრულყოფას საჭიროებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები