ბიძინა კულუმბეგოვი: ამ ორკვირიანი დაკვირვების შედეგად მოგვეცემა შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ, როგორი იქნება 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში გადაწყვეტილებები

ამ ორკვირიანი დაკვირვების შედეგად მოგვეცემა შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ, როგორი იქნება 24 დეკემბერი-2 იანვრის გადაწყვეტილებები”, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გაფართოებული ტესტირების ფონზე შემთხვევების გამოვლენის დინამიკაშლზე დაკვირვებაა აუცილებელი, რათა სწორი დასკვნები გაკეთდეს.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითქმის 21 ათას ტესტზე ავედით; გაზრდილი ტესტირების მიუხედავად, გამოვლენილი ადამიანების რიცხვი პირდაპირპროპორციულად არ გაიზარდა და, შესაბამისად, შემცირდა პოზიტიურობის მაჩვენებელი 25%-მდე, რაც კარგია, თუმცა, რამდენიმე დღით ამის განსაზღვრა და ბოლომდე ეპიდემიოლოგიური დასკვნების გაკეთება რთულია.

უნდა დავაკვირდეთ 7-14-დღიან მონაცემებს და შემდგომ ვიმსჯელოთ. ზოგადად, საუბარი იყო მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე, ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაანონსებული შეზღუდვების გამკაცრების ან ძალაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, განვიხილეთ იგივე გერმანიისა და სკანდინავიის ქვეყნების მაგალითები. ასევე, ვიმსჯელეთ, როგორი იქნება მოსახლეობის დამყოლობა. მიუხედავად იმისა, რომ 65%-მდე გაიზარდა პირბადის ტარება, რაც ძალიან კარგია, ჩვენ ეს არ გვაწყობს. აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს ნიღბის ტარება, რაც მოგვცემს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას უფრო მეტი თავისუფლება მიეცემა. ამიტომ, ამ ორკვირიანი დაკვირვების შედეგად მოგვეცემა შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ, როგორი იქნება 24 დეკემბერი-2 იანვრის გადაწყვეტილებები, რათა არ დაზიანდეს, ერთი მხრივ, ეპიდემიის სწორი მართვა და, მეორე მხრივ, ეკონომიკასაც მიეცეს დაპირებული შეზღუდვების შემსუბუქების პირობებში მუშაობის საშუალება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები