საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.7-კმ-იან, ხევი-უბისას 12.2-კმ-იან და უბისა-შორაპანის 13-კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
“მოცემულ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები, ჯამურად, 53 ხიდსა და 39 გვირაბზე პარალელურად მიმდინარეობს. აქედან 5 გვირაბი უკვე გაჭრილია და წლის ბოლომდე კიდევ 3 გვირაბის გაჭრა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები ასევე დაწყებულია რიკოთის არსებული საუღელტეხილო გვირაბის პარალელურ გვირაბზე, რომელიც პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მდებარეობს.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, ჯამურად, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო გზის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის, ხოლო ექსპლუატაციაში სრულად შესვლა 2023 წლისთვის.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით სრულდება. ამ დროისთვის, რიკოთზე გადაადგილების სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი სიჩქარე გაორმაგდება. რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული გზის მშენებლობაში ერთგვარი გარდამტეხი პროექტი იქნება, ვინაიდან, ამ პროექტის შედეგად, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც, საბოლოოდ, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.