ლევან სამუშია: „ლელოს“ პოზიცია პირველივე დღიდან მყარი იყო, ეს არის პრინციპული გუნდი, რომელიც არ შედის პარლამენტში და არ მიიღებს მონაწილეობას სიყალბეში
“უბრალოდ, წარმოუდგენელია, რომ გაყალბებულ პარლამენტში ვინმე შევიდეს”, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან სამუშიამ განაცხადა.
როგორც სამუშიამ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიის წევრებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე მონაწილე პარტიებიდან არავის უთქვამს, რომ პარლამენტში შესვლას აპირებენ.
„საუბარი იყო მიმდინარე საკითხებზე, ეს მიმდინარე საკითხები ყველამ კარგად ვიცით. რაც შეეხება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს, უბრალოდ, წარმოუდგენელია, რომ გაყალბებულ პარლამენტში, რასაც პარლამენტს უწოდებს ივანიშვილი, ვინმე შევიდეს, ეს ამ შემთხვევაში სიყალბის სასახლედ იქნება ქცეული. ყოველ შემთხვევაში, არც ერთი სხვა პარტიიდან არ უთქვამთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე პარლამენტში შესვლას აპირებს. შემიძლია გითხრათ, სიყალბის „გაპრავებაში“ ვინც მიიღებს მონაწილეობას, ის იქნება სიყალბის „გამპრავებელი“. თუ ამას დატუქსვად იღებთ, არ ვიცი, ეს ჩემი პოზიციაა. კონსტრუქციული საუბარი იყო ერთმანეთში. აქ ვინც იყო წარმოდგენილი იმ ოპოზიციური პარტიებიდან არავის უთქვამს, რომ პარლამენტში შესვლას აპირებს. რაც შეეხება „ლელოს“ პოზიციას, ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან მყარი იყო. ეს არის პრინციპული გუნდი, რომელიც არ შედის პარლამენტში და არ მიიღებს მონაწილეობას სიყალბეში“, – განაცხადა სამუშიამ.