კოვიდ-19 – მსოფლიოში საახალწლოდ მკაცრი შეზღუდვები ნარჩუნდება – გერმანიაში ზამთრის გადასალახად უფრო მკაცრი ზომების დაწესებას გეგმავენ; აშშ-ში მიიჩნევენ, რომ მასშტაბურმა შეკრებებმა შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდევ უფრო გაართულოს

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები ვირუსის გავრცელების გასაკონტროლებლად საკმარისი არ არის და ზამთრის გადასალახად უფრო მკაცრი ზომების დაწესებაა საჭირო.

“სიტუაცია ძალიან სერიოზული ხდება. არსებული ზომები საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ ზამთარი გადავლახოთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა თანაპარტიელებთან შეხვედრის დროს.

გერმანია, თვეების მანძილზე იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც წარმატებით უმკლავდებოდა კორონავირუსის პანდემიას. თუმცა, ნოემბერში, გართულებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, გამოცხადდა ე.წ. ლოქდაუნი. ექიმების განცხადებით, 12- დან 4 ექიმი არის ინფიცირებული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებშიც თავისუფალი ადგილები მცირდება. გერმანიაში ე.წ. ლოქდაუნის პირობებში, დაკეტილია ბარები და რესტორნები, ნებადართულია მხოლოდ გატანის სერვისი, თუმცა, მუშაობს სილამაზის სალონები.

მერკელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია პოსტპანდემიური დახმარების პაკეტები, ეს დახმარებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. მან აღნიშნა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში იქნებოდა, რომ არ დახმარებოდა ბიზნესს მიზნობრივი პროგრამების საშუალებით. ასევე, მან განაცხადა, რომ, პანდემიის კრიზისიდან გამომდინარე, ქვეყანას აწევს სესხის ტვირთი, რომელიც 2023 წლის დასაწყისამდე უნდა დაფაროს.

გასული 2-3 კვირის განმავლობაში გერმანიაში გაიზარდა კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა. მერკელის განცხადებით, ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ ისევ ძალიან მაღალია, ამიტომ, 10 იანვარმდე არ განიხილება შეზღუდვების შემსუბუქება და საფრთხის შემცველია ბარ-რესტორნებისა და დასასვენებელი დაწესებულებების გახსნა.

ჩრდილოეთ გერმანიაში, ბრემენში 20 ათასი კაცისთვის საპროტესტო აქციის ნებართვის მოთხოვნით მიმართეს უმაღლეს სასამართლოს, რომელმაც უარი განაცხადა ნებართვაზე. მიუხედავად ამისა, ბრემენში მაინც შეიკრიბნენ მოქალაქეები და აპროტესტებდნენ ლოქდაუნს. პოლიციას მოუწია საპროტესტო აქციის დაშლა, რადგან, ბრემენის მთავრობის განკარგულებით, აკრძალულია შეკრებები იმის გამო, რომ სხვა ქალაქებში მსგავსი შეკრებების დროს ორგანიზატორები და მონაწილეები არ იცავდნენ ფიზიკურ დისტანციას.

ბრემენში პოლიციამ აქცია  ერთი თვის წინაც დაშალა, მაშინ  პოლიციას წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენება მოუხდა

პანდემიის პირობებში გამოვლინდა არაერთი ხარვეზი ევროპის სოციალური უსაფრთხოების სისტემაში, რომელიც აქამდე ოქროს სტანდარტად იყო მიჩნეული. თვითდასაქმებული ადამიანები, რომელთაც, მაგალითად, შობის პერიოდი ჰქონდათ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, პანდემიის პირობებში გაუქმებული საზოგადოებრივი ღონისძიებების გამო, დარჩნენ ყოველწლიური ანაზღაურების გარეშე (გარე მხატვრობაზე/დეკორაციებზე მომუშავეები და სხვ.). მიუხედავად იმისა, რომ ევროპის არაერთმა ქვეყანამ, პანდემიის პირობებში, მოსახლეობას შესთავაზა სხვადასხვა სოციალური პაკეტები, ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა და პანდემიის დროს კიდევ უფრო დაზარალდნენ ის ადამიანები, რომლებიც მანამდეც წარმოადგენდნენ დაბალშემოსავლიანთა ან არასტაბილური შემოსავლის მქონეთა ჯგუფს.

როგორც ჩანს, ამჟამინდელი ევროპული სისტემა არაა მზად, გაუძლოს თითქმის 25%-იან შემცირებას. ამასთან, ანალიტიკოსების აზრით, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში შემუშავებული დახმარების პაკეტები მათთვის, ვინც სამუშაო დაკარგა, არ იყო ადეკვატური; დაიწერა „ზედმეტად სწრაფად“ და ეს ხარვეზები კარგად გამოვლინდა მომდევნო თვეებში. უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით გაიზარდა უმუშევრობა ახალგაზრდებში და ევროსტატის მონაცემებით, ოქტომბერში მიაღწია 404 ათასს. ამასთან, უმუშევრობის ზრდა განსაკუთებით უარყოფითად აისახება ევროპის ქვეყნებში დასაქმებულ მიგრანტებზე, რომელთა სამსახურის დაკარგვაც, უმეტეს შემთხვევაში, ნიშნავს ქვეყანაში ცხოვრების უფლების ჩამორთმევასა და სოციალური სარგებლის შეწყვეტას.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში შობის დღესასწაულის აღნიშვნა უდიდესი გამოწვევაა და მასშტაბურმა შეკრებებმა შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდევ უფრო გაართულოს.

ფაუჩიმ ასევე აღნიშნა, რომ მადლიერების დღესასწაულის დროს ქვეყანაში ძალიან ბევრი მასშტაბური შეკრება დაფიქსირდა, რამაც კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.

მისი თქმით, შობის დღესასწაულზე ვითარება შეიძლება, კიდევ უფრო გაუარესდეს, რადგან არდადეგების პერიოდი უფრო ხანგრძლივია.

„ჩვენ წინ რთული პერიოდი გველოდება. მოსახლეობას მოვუწოდებ, დაიცვან რეკომენდაციები და ატარონ პირბადე, მოერიდონ მასშტაბურ შეკრებებსა და მოგზაურობას“, – განაცხადა ფაუჩიმ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, აშშ-ში დაფიქსირდა კოვიდ ინფიცირების 1 მილიონი შემთხვევა (1-5 დეკემბერი 1 000 882 შემთხვევა). აღსანიშნავია, რომ ეს რეკორდული მაჩვენებელია მაგალითად, პირველი ტალღის მონაცემებთან შედარებით – 2020 წლის 20 იანვრიდან 100 დღის განმავლობაში დაფიქსირდა ინფიცირების 1 მილიონი შემთხვევა

გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 9 დეკემბრიდან დანიის 98 რეგიონიდან 38-ში დაიკეტა ბარები, რესტორნები, მუზეუმები, კინოთეატრები და თეატრები. დისტანციურ სწავლებაზე გადავა სკოლის ყველა საფეხური და უნივერსიტეტები. რეგიონულ დონეზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში 2021 წლის 3 იანვრამდე დარჩება. ღამის კლუბების დახურვა – 2021 წლის მარტამდე გახანგრძლივდა;

დანიის მთავრობამ ჯერ კიდევ 23 ოქტომბერს 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა, ასევე  სავალდებულო გახადა პირბადის ტარება ყველა საზოგადოებრივ ადგილას. ადგილობრივი დროით 22:00 საათის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალა. დაკრძალვაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და მაქსიმუმ 50-ს შეადგენს.

უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა ნაწილობრივი ლოქდაუნის მოხსნის განხილვას არ აპირებს 11 იანვრამდე. უნდა აღინიშნოს, რომ უნგრეთში ე.წ. ლოქდაუნი 11 ნოემბერს გამოცხადდა.  არსებული შეზღუდვები მოიცავს რესტორნების, სკოლებისა და უნივერსიტეტების დაკეტვას, ისევე როგორც 19:00 საათის შემდეგ ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედებას;

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 17 681 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  ხოლო 394 ადამიანი გარდაიცვალა. ესპანეთში ჯამში კორონავირუსის 1 684 647 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 46 252 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 6 დღის მანძილზე ნიდერლანდების სამეფოში ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 067 ადამიანი შეადგინა. ეპიდვითარების კვლავ გაუარესების გამო,  6 დეკემბერს, ქვეყნის პრემიერმინისტრთან გამართულ თათბირზე გადაწყდა, რომ საახალწლოდ ზომების შემდგომი შემსუბუქება ზედმეტად სარისკო იქნება.

7 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთში კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულთა შორის ფატალურობის მაჩვენებელი 6,2 %-ს შეადგენს.

ლიეტუვის მთავრობის  7 დეკემბერის გადაწყვეტილებით, საყოველთაო კარანტინი ქვეყანაში  31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. ამასთან,  9 დეკემბრიდან ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება: ორ შინამეურნეობაზე მეტი წარმომადგენლების კონტაქტი შეიზღუდა, ოჯახური წვეულებების შემთხვევაში ორი შინამეურნეობიდან 10 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. წვეულებებისთვის უძრავი ქონების გაქირავება შეიზღუდა;  დაწყებითი კლასების გარდა, სხვა კლასის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ. სკოლებში არდადეგები  14 დეკემბერს გამოცხადდება და 2021 წლის 3 იანვრამდე გაგრძელდება; მუზეუმებისა და გალერეების დაგეგმილი გახსნა გადაიდო; მოსახლეობას გაეწია რეკომენდაცია გადაუდებელი საჭიროების გარეშე არ დატოვონ საცხოვრებელი;

საბერძნეთის მთავრობის პრესსპიკერ სტელიოს პეტრასის განცხადებით, სკოლები, რესტორნები, სასამართლოები, სავარჯიშო დარბაზები და სათხილამურო კურორტები მომავლი წლის 7 იანვრამდე დაკეტილი დარჩება. შეზღუდული დარჩება რეგიონებს შორის გადაადგილება

რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 28 142 შემთხვევა შეადგინა. ვირუსით კი 456 პაციენტი გარდაიცვალა; რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ მურაშკოს განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთის სუბიექტებს შორის, ისევე როგორც თავად რეგიონებს შიგნით, გადაადგილების შეზღუდვის შესაძლებლობა განიხილება;

უკრაინაში ინფიცირების 8 641 და გარდაცვალების 145 შემთხვევა დაფიქსირდა;

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 30 402 და გარდაცვალების 195 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები