დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გრიპის ვირუსის ცირკულაცია, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა.
მისივე თქმით, ქვეყანაში გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობითაა და ყველას შეუძლია, აიცრას.
„ჯერჯერობით, გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა. კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და გეტყვით, რომ ქვეყანაში გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობითაა. მოვხსენით ყველანაირი ბარიერი. ყველას შეუძლია, პოლიკლინიკაში მივიდეს და აიცრას. ამის დრო ჯერ კიდევ არის. ქვეყანაში გრიპის ვაქცინის, დაახლოებით, 65 ათასამდე დოზა არის. გთხოვთ, ისარგებლეთ იმ შემოთავაზებით, რაც სახელმწიფომ გააკეთა. წელს 235 ათასი დოზა სახელმწიფომ იყიდა და ავიცრათ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორსულ ქალბატონებს, მათთვის მთელს სეზონზე იქნება დოზების გარკვეული რაოდენობა შენახული. სასურველია, რომ ყველა ორსული აცრილი იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.