დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუკი შეზღუდვების გაფართოების პერიოდში რეკომენდაციები მოსახლეობის მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული, შესაძლოა, თვის ბოლოსთვის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა განახევრდეს.
გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ისარგებლონ შეთავაზებით და, სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაიტარონ.
„მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას ჩვენ ვთხოვეთ და ყველა პოლიკლინიკაში, დაწესებულებაში, სადაც ამბულატორიულ პირობებში შესაძლებელი იყო ტესტირების ჩატარება, ნაკადი შედარებით ნაკლები იყო. ამიტომ, ყველას გთხოვთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ შეზღუდვების პირობებში მაქსიმალურად გავაფართოოთ კორონავირუსის გამოვლენის მაჩვენებელი. თუ ყველა შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რაც დადგენილია ამ სამი კვირის განმავლობაში და მეტი, ამ თვის ბოლოს შესაძლოა, ჩვენ ახალი შემთხვევების რიცხვი მართლაც სერიოზულად გავანახევროთ და ქვეყანაში ქვესვლის სერიოზული ტენდენცია შექმნას, ხოლო აპრილისთვის დღიური მაჩვენებელი შესაძლოა, 200-ის ფარგლებში ჩამოვიდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, ისარგებლონ ამ შემოთავაზებით, რომ ქვეყნის 200-ზე მეტ ადგილზე ხელმისაწვდომია ანტიგენის სწრაფი ტესტით გამოკვლევა, ყველა სტაციონარში, ყველა სტაციონარიზებული ავადმყოფისთვის და ასევე თბილისში დაახლოებით 42 ამბულატორიულ დაწესებულებაში და მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 150-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ეს და ხაზს ვუსვამ, გახლავთ უფასო. სიმპტომებიან ადამიანებს შეუძლიათ, მიმართონ როგორც ექიმის დანიშნულებით, ისე – ყოველგვარი ექიმის დანიშნულების გარეშე მივიდნენ ეგრეთ წოდებული თვითდინებით, თუ მათ აქვთ სიმპტომები. მათ ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ უფასოდ, ამას აფინანსებს სახელმწიფო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.