გიგი უგულავა: ცესკო-ს სრული რეფორმის გარეშე, გინდა რიგგარეშე არჩევნები იყოს, გინდა პლებისციტი და გინდა მარსზე გაფრენა, არ განიხილება
“პლებისციტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზა. თუმცა, იგივე ცესკო-თი არც პლებისციტს მივიღებთ, არც რიგგარეშეს, არც მარსზე გაფრენას”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მათი შეთავაზება რამდენიმე პუნქტისგან შედგება.
„პლებისციტი ნიშნავს ვკითხოთ ხალხს, როცა მხარეები ვერ თანხმდებიან, სრულიად ლოგიკურია, რომ ჰკითხო ხალხს, ოღონდ რა უნდა ჰკითხონ, ეს არის მნიშვნელოვანი. პლებისციტს მე პირადად ვუყურებ, როგორც შუალედურ რგოლს იმისათვის, რომ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე. შესაბამისად, თავისთავად აღებული პლებისციტი არის მექანიზმი ვკითხოთ ხალხს. ხალხს უნდა ვკითხოთ, უნდათ თუ არა რიგგარეშე არჩევნები. მინდა სიცხადე შევიტანო, ჩვენი შეთავაზებები შედგება რამდენიმე პუნქტისგან და ეს შემიძლია ღიად ვთქვა, რადგან პირველი ნოემბრიდან ამას ვიძახი: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცესკო-ს სრული რეფორმა და რიგგარეშე არჩევნები. ეს არის სრული პაკეტი. ცესკო-ს სრული რეფორმის გარეშე გინდა რიგგარეშე იყოს, გინდა პლებისციტი, გინდ მარსზე გაფრენა, არ განიხილება. პოლიტპატიმრების გარეშე არ განიხილება. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, რიგგარეშე არჩევნები რჩება და არის ჩვენი უპირობო მოთხოვნა, პლებისციტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზა. თუმცა, იგივე ცესკოთი არც პლებისციტს მივიღებთ, არც რიგგარეშეს, არც მარსზე გაფრენას. ცესკო-ს საკითხი ნებისმიერ პაკეტში დევს როგორც აუცილებელი მინიმალური ატრიბუტი იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ სამართლიანად ჩატარდა, გინდა რიგგარეშე იყოს, გინდა პლებისციტი. ჟვანიას ან იმ კანონმდებლობის პირობებში, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ თავის თავზე აქვს მორგებული, ეს ვერ და არ განხორციელდება“, – განაცხადა უგულავამ.