გელათის სამონასტრო კომპლექსის 2 ტაძარზე გარემო პირობების საზედამხედველო სისტემის ინსტალაცია დასრულდა
გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობისა და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გარემო პირობების გრძელვადიანი საზედამხედველო სისტემის ინსტალაციის პროცესი დაასრულა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წმ. გიორგის სახელობის ტაძრისა და ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ცენტრალური სივრცეების სხვადასხვა ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ჭრილებზე საერთო ჯამში 18 შიდა სენსორი განთავსდა. მონიტორინგის სისტემები ინსტალირდა მთავარი ტაძრის საკურთხეველში, ეკვდერებსა და კარიბჭეებში. კომპლექსის ეზოში დამონტაჟდა სისტემის გარე სენსორი.
“საზედამხედველო სისტემის საშუალებით შესაძლებელი გახდება მაკროკლიმატისა (გარეთ არსებული გარემოს) მიკროკლიმატის (შიდა სივრცეები) ურთიერთქმედების შეფასება და კედლის მხატვრობის მდგომარეობაზე მათი გავლენის განსაზღვრა. მონიტორინგის სენსორების მეშვეობით ტენიანობისა და ტემპერატურული პარამეტრების წლის ოთხივე სეზონზე გაზომვისა და სრული მასშტაბით კედლის მხატვრობის გაღრმავებული კვლევის საფუძველზე სპეციალისტებს მხატვრობის კონსერვაციის მართვის გეგმისა და მისი განხორციელების სტრატეგიის შემუშავების საშუალება მიეცემათ.
ეროვნულმა სააგენტომ გარემო პირობების გრძელვადიანი საზედამხედველო სისტემა მიმდინარე წელს შეისყიდა. მისი ინსტალაცია გელათის სამონასტრო კომპლექსის 2 ტაძარზე 3 და 4 დეკემბერს განხორციელდა.
გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის კედლის მხატვრობის სრულფასოვანი კონსერვაციის საპროექტო დოკუმენტაცია, მისი დაზიანებული კრამიტის სახურავის რეაბილიტაციის თანმდევად, მომავალი წლიდან შემუშავდება. კონსერვაციის პროექტი კვალიფიციურ მხატვარ რესტავრატორთა ჯგუფისა მიერ, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადდება.
საპროექტო მასალების მომზადებისა და გადახურვის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ღვთისმშობლის შობის ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოებს განახორციელებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.