დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ უენდი მორტონთან სატელეფონო საუბარი გამართა.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გაერთანებულ სამეფოს შორის „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებით” წარმოქმნილი შესაძლებლობების სრულად ათვისებას. ყურადღება გამახვილდა იმ კონკრეტული მიმართულებების გაღრმავებაზე, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების მთავარი ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” მე-7 რაუნდის ფარგლებში გამოიკვეთა.
,,მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოში არსებული ეპიდვითარება და პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში, ხაზი გაუსვეს მულტილატერალური მიდგომების მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს მოწინავე პოზიცია COVID-19-თან გამკლავების კუთხით და მიესალმა მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციას, რომელიც დიდ ბრიტანეთში მომავალი კვირიდან დაიწყება.
ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხებისა და პოსტპანდემიურ გარემოში თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებზე საუბრის პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებს. ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობას. უენდი მორტონმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა.
საუბარი შეეხო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ვითარებას. ბრიტანულმა მხარემ ხაზი გაუსვა პოლიტიკური პროცესის საპარლამენტო სივრცეში გადატანის აუცილებლობასა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის პარლამენტის ეფექტიან ფუნქციონირების მნიშვნელობას.
მინისტრებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.