ღია მუზეუმი, ჩანჩქერები, წისქვილები და ღვინის მარანი – მთიანაჭარას კაპნისთავის ტურისტული ბილიკი შეემატა(ფოტო)
მთიანაჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული ბილიკი შეემატა. სოფელი კაპნისთავი, რომელიც ბათუმიდან 26 კილომეტრითაა დაშორებული, გამორჩეულია ჩანჩქერებით, ღია მუზეუმით, ძველი წიქვილებითა და ბუნებაში არსებული ულამაზესი საფეხმავლო ბილიკით. კაპნისთავის ტურისტული მიმართულების მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წელს განახორციელა და ტურისტულ ბილიკზე მცირე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო.
კაპნისთავის ტურისტულ მარშრუტზე სტუმრებს საშუალება აქვთ რეგიონის ყოფასა და ტრადიციებს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოფლის ცენტრში მოწყობილ ღია მუზეუმში გაეცნონ, რომელშიც დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ექსპონატებია გამოფენილი. გარდა ამისა, სოფელში ფუნქციონირებს საოჯახო ღვინის მარანი, სადაც ადგილობრივი სახეობის ღვინისა და კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი. სოფელში ადგილობრივების მიერ შექმნილია მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურაც.
მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გარდა კაპნისთავის ტურისტული ბილიკისა ორი ახალი ტურისტული მიმართულების მარკირება უზრუნველყო. ქობულეთისა და შუახევის დამაკავშირებელი, სათავგადასავლო ტურისტული ბილიკისა (კინტირიში-ჯვარისმინდორი) და ღორჯომი-ბახმაროს დამაკავშირებელი ტურისტული ბილიკის მარკირება მთიანაჭარაში ზაფხულის დასასრულს განხორციელდა.
ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.