ირაკლი პეტრიაშვილი პრემიერს მიმართავს: არაფორმალურად დასაქმებულებსაც მიეცეთ თვითდასაქმებულთათვის გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების საშუალება
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს – გაითვალისწინოს არაფორმალურად დასაქმებულთა მძიმე სოციალური მდგომარეობა და მათაც მიეცეთ თვითდასაქმებულთათვის გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების საშუალება, რომელსაც ამჯერად ისინი მოკლებულნი არიან.
პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ 300-ლარიანი კომპენსაციების მიღების შესაძლებლობა (შემოსავლების სამსახურზე დაყრდნობით) ექნებათ მხოლოდ რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებსა და იმ პირებს, რომლებსაც ჰყავთ დამქირავებელი/ ობიექტის მფლობელი (მაგალითად ბაზრობის ადმინისტრაცია). ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული ან არ მუშაობს რეგისტრირებულ ორგანიზაციაში ვერ მიიღებს კომპენსაციას.
,,არაფორმალურად დასაქმებულთა შემოსავლები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ქვეყანაში. ისინი წარმოადგენენ დასაქმებულთა ყველაზე დაჩაგრულ ნაწილს, რომლებსაც არ აქვთ ბაზისური შრომითი უფლებებიც კი და ვერ სარგებლობენ შრომისა და სოციალური დაცვის მინიმალური სტანდარტებით. ასეთი ყოფა კი განპირობებულია იმით, რომ მათ არ შეუძლიათ იშოვონ ფორმალური სამსახური და ამის გამო ეწევიან იმ არსებობისთვის აუცილებელ საქმიანობას, რის შესაძლებლობასაც მათ აძლევს შრომის ბაზარი”, – აცხადებს პეტრიაშვილი.
წერილი ირაკლი პეტრიაშვილის შეფასებითა და თხოვნით პრემიერს დღეს გაეგზავნა.