შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად დედ-მამით ობოლი ბავშვების ოჯახებს ესტუმრა, რომელთაც საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.
აღნიშნული სოციალური დახმარება გაერო-ს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება, რასაც ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შესაბამისი ოჯახები მიიღებენ.
თეა ახვლედიანის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით წამოწყებული სოციალური კამპანია ასევე განხორციელდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სხვა რეგიონებშიც, რაც სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ დედ-მამით ობოლ ბავშვებს კოვიდპანდემიის შედეგად შექმნილ მდგომარეობას გარკვეულწილად შეუმსუბუქებს.
ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, კახეთის, ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, სადაც ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე დარიგდება ბეჭდური საინფორმაციო ბროშურები, კორონავირუსთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვების და შეზღუდვების შესახებ. ბროშურები კარდაკარ-პრინციპით გავრცელდება და მის დარიგებას ადგილობრივი თვითმმართველობები უზრუნველყოფენ. აღნიშნული პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) მხარდაჭერით ხორციელდება.
„ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან, ასევე შესაბამისად უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომის ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას, რომელიც სამი კომპონენტისგან შედგება და ასევე რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. ჩვენ ამ აქციას განვახორციელებთ როგორც ქვემო ქართლის, ასევე სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. ამავე რეგიონებში ჩვენ ვიწყებთ ასევე ჰუმანიტარული დახმარების აქციას, რომლის ფარგლებშიც გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დედ-მამით ობოლ ბავშვებს გადაეცემათ სპეციალური პაკეტები”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.