ჩეხეთის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც რეგიონში ვითარების დასტაბილურებისკენ მიმართულ ძალისხმევას ეწინააღმდეგება
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. ერთიანი სოციალ-ეკონომიკური სივრცის შექმნის საკითხს გამოეხმაურა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩეხეთის საგარეოპოლიტიკური უწყება ასეთ ე.წ. პროგრამას გმობს და მას საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მნიშვნელოვან დარღვევად აფასებს.
“მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც რეგიონში ვითარების დასტაბილურებისკენ მიმართულ ძალისხმევას ეწინააღმდეგება, ასევე, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შეასრულოს. ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სრულ მხარდაჭერას უცხადებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
23 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ ორ-სამ წელიწადში რუსეთთან „ერთიან სოციალ-ეკონომიკურ სივრცეს“ შექმნიან.
განცხადებაში აღინიშნებოდა, რომ ერთიანი სივრცის შექმნისთვის აუცილებელი ნაბიჯები და გეგმა მოსკოვში ბჟანიასა და პუტინის შეხვედრის შემდეგ გაიწერა.
„ეს დოკუმენტი გახლავთ 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების ლოგიკური გაგრძელება“, – აღინიშნებოდა ინფორმაციაში.