სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 34 600 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 3 847 330 ლარი შეადგინა
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით შემუშავებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა – „ზრუნვა სოფელსა და ფერმერებზე“ მელიორაციის კუთხით მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს”, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.
2 დეკემბრის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 34 600 აბონენტი. ბენეფიციართა დანაზოგმა 3 847 330 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის – „ზრუნვა სოფელსა და ფერმერებზე“ ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება”, – ნათქვამია განცხადებაში.