გია ვოლსკი: მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი დახვეწა აუცილებელია და არ გამომდინარეობს იქიდან, რა მოსაზრებები აქვს ამ ეტაპზე რომელიმე ოპონენტ პოლიტიკურ ძალას

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემის დახვეწა აუცილებელია და ეს არ გამომდინარეობს იქიდან, თუ რა მოსაზრებები აქვს ამ ეტაპზე რომელიმე ოპონენტ პოლიტიკურ ძალას.

მისივე თქმით, საქართველოს მართლმსაჯულება საერთაშორისო რეიტინგებში უკვე დიდი ხანია, მოწინავე პოზიციებს იკავებს.

„მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი დახვეწა არ გამომდინარეობს იქიდან, თუ რა მოსაზრებები აქვს ამ ეტაპზე ჩვენს რომელიმე ოპონენტ პოლიტიკურ ძალას. ეს აუცილებელია, ამის გაკეთება სჯობს ინტენსიური კამათის და პოლემიკის პირობებში. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხერხდება, როდესაც პოლიტიკური სუბიექტები თავის ვალდებულებებზე უარს არ იტყვიან. ისინი პასუხისმგებლები არიან ქვეყნის, ხალხის და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. რეფორმები არ გაჩერებულა, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მართლმსაჯულება საერთაშორისო რეიტინგებში უკვე დიდი ხანია, მოწინავე პოზიციებს იკავებს, პირველ ოცეულში ადგილს მუდმივად მყარად იკავებს. გასაკეთებელი, რასაკვირველია, გვაქვს და ჯობია, ეს ოპონირების რეჟიმში გაკეთდეს. როდესაც პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, ნებისმიერი საკითხი უნდა იყოს განხილული. ელჩები სახელმწიფოებს და სახელმწიფოთა გაერთიანებებს წარმოადგენენ, მაგრამ ჩვენ მთავარი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომელიც მართლმსაჯულებასაც დახვეწილს, უფრო მაღალ დონეზე ითხოვს, ვიდრე დღეს არის, ასევე განათლების სისტემას, სოფლის მეურნეობასაც და ნებისმიერ სხვა დარგს, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები