მოლდოვის არჩეულ პრეზიდენტს დნესტრისპირეთში რუსეთის “მშვიდობისმყოფელების” რეფორმირება უნდა

მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი, მაია სანდუ დნესტრისპირეთში მშვიდობისმყოფელების მისიის რეფორმირების ინიციატივით გამოვიდა, რომ ისინი სამოქალაქო მისიად იქცნენ.

ამის შესახებ სანდუმ კიშინიოვში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დნესტრისპირეთში  არის რუსეთის ჯარის ოპერატიული ჯგუფი, ასევე, მშვიდობისმყოფელები.

“არ არსებობს ორმხრივი შეთანხმება იმის, შესახებ რომ დნესტრისპირეთში ოპერატიული ჯგუფი იმყოფებოდეს, ისინი მოლდოვის ტერიტორიიდან უნდა გავიდნენ”, – განაცხადა სანდუმ.

მან ასევე თქვა, რომ მშვიდობისმყოფელთა მისიის შესახებ არსებობს 1992 წლის რუსეთ-მოლდოვას შეთანხმება.

“მაგრამ, გამომდინარე იქედან, რომ უკვე დიდ ხანია, არ არსებობს სამხედრო მოქმედებების განახლების საფრთხე, ეს მისი ეუთო-ს ეგიდით უნდა გახდეს სამოქალაქო. ეს მოლდოვის პოზიციაა, რომელსაც მე ვუსვამ ხაზს”, – თქვა მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა.

ასევე, სანდუმ თქვა, რომ საჭიროა ქვეყნიდან რუსეთის ჯარის გაყვანა.

“რუსეთთან იმდენს ვიმუშავებ, რამდენიც იქნება საჭირო იარაღისა და ჯარის გაყვანისთვის”, – თქვა მან.

დნესტრისპირეთში ამჟამად ათასამდე რუსი “მშვიდობისმყოფელი” იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები