ალეკო ელისაშვილი: ბოლოს ელჩებთან რა კონსულტაციაც იყო, იქ გახლდათ გარკვეული საინტერესო, საყურადღებო შემოთავაზება, მაგრამ არასაკმარისი, რომ ჩვენ პარლამენტში შესვლაზე დასტური გვეთქვა
“ბოლოს ელჩებთან რა კონსულტაციაც იყო, იქ გახლდათ გარკვეული საინტერესო, საყურადღებო შემოთავაზება, მაგრამ არასაკმარისი, რომ ჩვენ პარლამენტში შესვლაზე დასტური გვეთქვა და ახლა ველოდებით განახლებულ ვერსიას”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ,,პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის ძირეული რეფორმის შემთხვევაში, პარლამენტში თავადაც შევა.
„აბა, შოთაძე არ იყოს პროკურორი, ნამდვილი პროკურორი იყოს და სასამართლო ჰყავდეს ქვეყანას. ამის შემდეგ რა, არ უნდა დავთანხმდეთ იქ შესვლას, ასეთ რამეს თუ გამოვგლეჯთ ხელიდან? „გირჩის“ მოსაზრება მისაღებია. თუ თავიდან ბოლომდე განხორციელდება ის, რაზეც ოპოზიციას ხელი გვაქვს მოწერილი. თუ გინდათ, ქსოვრელებსაც დავუძახებ და ეგრე შევალთ.
რომ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, იმიტომ დავდივართ შეხვედრებზე. ჩვენ კი არ გაგვიყალბებია არჩევნები. მე ალეკო ვარ, ელისაშვილი, თამარ ჟვანია კი არ ვარ და მე არ ჩამიტარებია ასეთი ამაზრზენი არჩევნები 31 ოქტომბერსაც და მეორე ტური ხომ საერთოდ სასაცილო იყო – სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო ეს, მოვკვდებოდი სიცილით, მაგრამ არაფერი სასაცილო ამაში არაა და ეს ტრაგიკული ამბავია. შესაბამისად, მათი დაშავებულია და კიდევ მივყვებით, ვამბობთ, რომ მოწადინებულები ვართ, კრიზისი განიმუხტოს.
ბოლოს ელჩებთან რა კონსულტაციაც იყო, იქ გახლდათ გარკვეული საინტერესო, საყურადღებო შემოთავაზება, მაგრამ არასაკმარისი, რომ ჩვენ პარლამენტში შესვლაზე დასტური გვეთქვა და ახლა ველოდებით განახლებულ ვერსიას, უფრო მეტად გაჯერებულს გონივრული პოზიციით“, – აღნიშნა „მოქალაქეების“ ლიდერმა.