კარტოგრაფების საქმე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი

“ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ადვოკატს ერთ-ერთ მოთხოვნაზე პასუხი გაეგზავნა, მეორე მოთხოვნა მუშავდება და უახლოეს პერიოდში, კანონით დათქმულ ვადებში პასუხი გაეცემა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, პასუხი ადვოკატს უახლოეს პერიოდში გაეგზავნება.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოსულია ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ადვოკატების წერილები, რომლითაც ისინი ითხოვენ საზღვრის დელიმიტაცია- დემარკაციასთან დაკავშირებულ გარკვეულ მასალებს. ერთ-ერთ მოთხოვნაზე უწყებამ დაასრულა მოთხოვნიდან გამომდინარე დოკუმენტაციის შესწავლა და ადვოკატს გაეგზავნა პასუხი, რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, იგი ასევე მუშავდება და უახლოეს პერიოდში, მოთხოვნის შესაბამისად კანონით დათქმულ ვადებში გაეცემა პასუხი“, – განაცხადეს „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას უწყებაში.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატებს მასალებს არ აძლევს, რომელიც, მათივე თქმით, შესაძლოა, ბრალდებულების უდანაშაულობის დამადასტურებელი იყოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები