გივი თარგამაძე მადლობას იხდის – ვირუსი პნევმონიით გამირთულდა და ჩემი სიცოცხლის გადარჩენების უკვე განუსაზღვრელ რიცხვს ერთიც მივუმატე

“ცხრადღიანი ორმოცგრადუსიანი სიცხეების შემდგომ, ვირუსი პნევმონიით გამირთულდა და ჩემი სიცოცხლის გადარჩენების უკვე განუსაზღვრელ რიცხვს ერთიც მივუმატე”, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კორონავირუსით 24-დღიანი ავადმყოფობის შემდეგ, კლინიკა დატოვა.

,,დღეს, ჩემი კოვიდავადმყოფობის ოცდამეოთხე, საავადმყოფოში ყოფნის მეთოთხმეტე დღეღამეს დავტოვე კლინიკა. დიახ, ამ ხვრელშიაც მოვხვდი, ცხრადღიანი ორმოცგრადუსიანი სიცხეების შემდგომ, ვირუსი პნევმონიით გამირთულდა და ჩემი სიცოცხლის გადარჩენების უკვე განუსაზღვრელ რიცხვს ერთიც მივუმატე. ერთიც, მაგრამ ჭეშმარიტად უმძიმესი და ძალზე ძვირფასი. ისევ გამიმართლა – დასაწოლად გამზადებული მეორე დღის საღამოდაც ტყუილად ველოდი ვარიანტს – ადგილი კატეგორიულად არსად არ იყო, მე კი მძიმედ მივდიოდი ბოლოსკენ. უცბათ დამირეკა “112”-ის ოჯახის ექიმმა ნინომ. მაგრად შეშფოთდა, სასწრაფო გამოვაგზავნეო და სულ ხაზზე იყავითო, ძალზე მადლიერი ვარ მისიც და მის მიერ გამოგზავნილი სასწრაფოს ორი გულისხმიერი გოგონასი. გარკვეული ლოდინის შემდეგ, სასწრაფოს შეატყობინეს, რომ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში აი ამწამს გაიხსნა კოვიდცენტრი, რომელშიც სულ მალე მოვხდი მესამე პაციენტად. იქ დამხვდა ექიმი ლევან ბესელია. უცბათ მითხრა – მენდე, გამომყევი ყველაფერში, გადაგარჩენო – შეასრულა კიდეც. სხვებთანაც შეასრულებს. კაცია, ნაღდი ექიმი, პროფესიონალი, საკუთარ საქმეში შეყვარებული, თითოეული პაციენტის სიცოცხლისთვის გააფთრებით მებრძოლი. გუნდიც ასეთი ჰყავს.სტაფი, რომელიც საკუთარი ნოუ-ჰაუთი შეინარჩუნა, არ ვიტყვი, როგორით, ესეც რომ არ ჩაუშალონ და ეს საოცარი ჰარმონია არ მოუშალონ მას – მის მარჯვენა ხელ ანიკოსა და 19-20 წლის საოცარი, მონდომებული, გულადი, ერთმანეთის დამხმარე, გამტანი, კონკურეტუნარიანი, გულისხმიერი, თბილი, თავდადებული გოგობიჭების უმაგრეს გუნდს შორის. გაითვალისწინეთ, ეს ხალხი, ლევანის თამადობით, მუშაობის პერიოდში, აი, ახლა გადის კოვიდინფიცირებას. კიდევ ერთხელ – მე ბევრჯერ გადამირჩა სიცოცხლე – CO-თიც ვიყავი გაგუდული, მაგრამ არასდროს მყოლია გადარჩენისას ასეთი მაგარი გუნდი დამხმარედ.თქვენ აწი მუდმივად ხართ ჩემს ცხოვრებაში მის გადამრჩენლებად. აუცილებლად გნახავთ კომბინეზონების გარეშე, თუმცა, ვფიქრობ, მათ მიღმა თითოეულ თქვენგანზე შექმნილი პირადი შეხედულება ზედმიწევნით სწორი მაქვს და თქვენი სახეებიც ამ შეხედულებას ზუსტად მოერგება, ჩემო ერთიანად კოვიდიანო კოვიდის წინააღმდეგ გააფთრებით მებძოლო უგუნდესო გუნდო: ლევან ბესელია, ექიმი, სულისჩამდგმელი. ანიკო. დემე. თათია. ბესო. ანტონი. მეკო. კახა. გიორგი. ნინი. ლაშა. თაკო. კოკი. ხატია. ოთო. ერეკლე. მარი. ზურა. მადლობა! მადლობა! მ ა დ ლ ო ბ ა”, –  წერს გივი თარგამაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები