ნინო კალანდაძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს და მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება. ამის შესახებ ინფორმაციას ნინო კალანდაძე ადასტურებს და სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნული, სავარაუდოდ, დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხება.
,,მეგობრებო, ბევრი თქვენგანი მირეკავს. არ წყდება ჟურნალისტების ზარები. ამიტომ, ყველას ერთად გიპასუხებთ:
ვადასტურებ, რომ დამიკავშირდა გენერალური პროკურატურის გამომძიებელი გამოკითხვაზე ჩემ დასაბარებლად. ვინაიდან მაქვს უფლება, გამოკითხვა ჩატარდეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ცხადია, პროკურატურაში მისვლას სწორედ ეს გზა ვარჩიე. ამ ეტაპზე, გამოკითხვის თარიღი ჩემთვის უცნობია.
რაც შეეხება საკითხის შინაარსს, დემოკრატიულ ქვეყანაში ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, რა შეიძლება, იყოს ჩემი დაბარების მიზანი, მაგრამ იმ სამწუხარო რეალობაში, როცა კონკრეტულ საქმეზე უკვე არსებობენ სრულიად უდანაშაულო სინდისის პატიმრები და მათზე საერთაშორისო თანამეგობრობა, ჯერჯერობით, დუმს, და როცა ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობს მოღალატის დამსახურებული იმიჯის გათეთრებას, წარმოუდგენელი ან დაუჯერებელი აღარაფერია”, – წერს ნინო კალანდაძე.
ცნობისთვის, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას იმჟამინდელი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძე გამოხატავდა.
კირიონის თქმითვე, ნინო კალანდაძემ 2012 წლის მაისის მოვლენების დროს ოფიციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტერი საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველოს არ ეკუთვნოდა და წარმოადგენდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ კუთვნილებას.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.