დავით ბაქრაძე: ჩვენი მხრიდან არის მზადყოფნა გამოსავალის მოსაძებნად, ოღონდ გამოსავალი ვერ იქნება გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია
ჩვენი მხრიდან არის მზადყოფნა გამოსავალის მოსაძებნად, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, ოღონდ გამოსავალი ვერ იქნება გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც კრიზისიდან გამოსავალს ეძებენ ოპოზიცია და საერთაშორისო მეგობრები, ერთადერთი ვინც ამისკენ არ ისწრაფვის, ხელისუფლებაა.
„მე იმედი მაქვს და ველოდები, რომ შეიძლება იყოს რაღაც სიახლე, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხრიდან, იმიტომ, რომ ჩვენი პოზიცია ცნობილია. ჩვენ ვეძებთ გამოსავალს ამ კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა გაყალბებულმა არჩევნებმა, ჩვენი უცხოელი პარტნიორები ეძებენ გამოსავალს, ერთადერთი, ვინც გამოსავალს არ ეძებს, არის „ქართული ოცნება“. ჩვენი მხრიდან არის მზადყოფნა გამოსავალის მოსაძებნად, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, ოღონდ გამოსავალი ვერ იქნება გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია. გამოსავალი უნდა იყოს ამ ქვეყანაში ისეთი ხელისუფლების არჩევა, რომელსაც ექნება მოსახლეობის ნდობის მანდატი და რომელსაც შეეძლება, გაუმკლავდეს უმძიმეს ეკონომიკურ და ჯანდაცვის საფრთხეებს ამ ქვეყანაში. მთავრობა, რომლის ლეგიტიმურობისაც მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ სჯერა, ვერც ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას და ვერც კოვიდპანდემიას მოუვლის. ამიტომ, ქვეყანას სჭირდება ლეგიტიმური ხელისუფლება და საზოგადოების კონსოლიდაცია“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობენ. მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს. დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.