„საქართველოსა და დებატების ინსტიტუტი“ სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სტუდენტებში მასშტაბურ კვლევას იწყებს

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი”, პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, ატარებს გრძელვადიან საგანმანათლებლო კვლევას დებატების ტექნიკის სწავლების გავლენის შესახებ დებატების კლუბის მონაწილეებსა და დებატების კლუბის ხელმძღვანელებზე. კვლევაში მონაწილეობას იღებს 1000-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი მთელი საქართველოდან, რომლებიც მეორე ეტაპისთვის დებატების ტექნიკის სწავლების სრულფასოვანი კურსის გავლის შემდეგ, განმეორებით მიიღებენ კვლევაში მონაწილეობას დებატების გავლენის ზუსტი განსაზღვრისთვის.

კვლევის მიზანია ახალგაზრდების განვითარებაზე დებატების სწავლების პოზიტიური გავლენების გაზომვა. იგი მოიცავს როგორც ძირითადი, ისე საკონტროლო ჯგუფების შესწავლას რაოდენობრივი და თვისებრივი ინსტრუმენტებით. ხარისხისა და კომპონენტების მიხედვით უპრეცენდენტო და მთელს საგანმანათლებლო დებატების სივრცეში ერთ-ერთი უნიკალური კვლევის დასრულების შემდეგ, 2020-21 სასწავლო წლის ბოლოს, შესაძლებელი იქნება გაკეთდეს განაცხადები იმის თაობაზე, თუ რამდენად ახდენს გავლენას ერთწლიანი სასწავლო დებატების პროგრამა ახალგაზრდებისა და ზრდასრულების თვითპრეზენტაციაზე, თვითკონტროლზე, თვითშეფასებაზე, კონფლიქტების მართვაზე, თანამშრომლობით უნარზე, არგუმენტირებულ მსჯელობასა და სხვა.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა. პროექტის პირველი ფაზა თებერვალში დაიწყო საქართველოს სხვადასხვა სკოლის დებატების კლუბის ხელმძღვანელების გადამზადებით. ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად კი მოხდა პროექტის მოდიფიკაცია და აქტივობების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები