“იმ ზღვარში არ უნდა ჩავვარდეთ, როცა ადამიანები, ვისაც ჟანგბადი, ან რეანიმაცია დასჭირდება, სერვისს ვერ მიიღებენ და სახლში დაიღუპებიან”

საფრთხე ბუნებრივია არის, როცა კრიტიკულ შეუსაბამობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ პაციენტების რაოდენობასა და ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობებს შორის, – ამის შესახებ ალერგოლოგ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კულუმბეგოვის თქმით, მას ჰქონდა კონკრეტული მოსაზრებები შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა, შესაძლოა პრემიერმა მათგან მცირე ნაწილი გაითვალისწინოს.

„ამ ზღვარში არ უნდა ჩავვარდეთ, როცა ადამიანებს, ვისაც დასჭირდებათ ჟანგბადი, ან სარეანიმაციო საწოლი, ისინი ვერ მიიღებენ ამ სერვისს და სახლში დაიღუპებიან. ჩვენ ამის უფლებას ვერ მივცემთ, ბუნებრივია, ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სახელმწიფო, როგორც მოვისმინე გააკეთებს ყველაფერს, რომ ზოგადი ეკონომიკური გავლენა იყოს მინიმალური წერტილოვანი შეზღუდვებით და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. პანდემიის დასრულება ამ შეზღუდვებით ვერ მოხერხდება, აქ ლაპარაკია მდგომარეობის სტაბილიზირებაზე და ამ სტაბილიზირების შემდგომ რამდენიმე თვის განმავლობაში მაქსიმალურად შენარჩუნება, სანამ ვაქცინა არ იქნება და ეფექტური წამალი ხელმისაწვდომი.

შეთავაზება არის ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც ახდენს ადამიანების მობილობაზე გავლენას, ეს არის ტრანსპორტის სისტემა, საცალო გაყიდვების, არაესენციალური სავაჭრო ობიექტების, ეს არის სატრენაჟორო სივრცეები. როგორ იქნება, რომელ მათგანს შეეხებიან – ეს არის ერთი ადამიანის მოსაზრება და შეიძლება ძალიან დიდ პროცენტში პრემიერმა ეს არ გაითვალისწინოს. სრული “ლოქდაუნი” არ განიხილება, რადგან ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა ამასთან არის შეუსაბამო, აქ ლაპარაკია მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებზე დღის გარკვეულ მონაკვეთში, რა, როგორ და კონკრეტულად ეს რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი საკოორდინაციო საბჭოზე“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები