სახალხო დამცველმა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ ონლაინკონფერენცია „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი” გამართეს – “უკვე 5 სპეციალური ანგარიში მოვამზადეთ და არაერთი რეკომენდაცია გავეცით”
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ონლაინკონფერენცია „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი” გამართა. ონლაინკონფერენცია მიზნად მონიტორინგის იმ ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკების განხილვას ისახავდა, რომლებიც ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების (ფემიციდის) პრევენციისთვის არსებობს.
როგორც ,,კვირას” სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგა გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ დუბრავკა სიმონოვიჩი, რომელმაც ფემიციდთან ბრძოლის საერთაშორისო მექანიზმები და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული პრაქტიკები მიმოიხილა. ამას გარდა, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მაჰლი, შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი. ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ ისაუბრეს ექსპერტებმა საქართველოდან, არგენტინიდან და სერბეთიდან. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმისა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობას.შეხვედრას სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„საქართველოს სახალხო დამცველმა ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმი ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის დუბრავკა სიმონოვიჩის 2015 წლის რეკომენდაციით შექმნა. ამ 5 წლის განმავლობაში უკვე 5 სპეციალური ანგარიში მოვამზადეთ და არაერთი რეკომენდაცია გავეცით, რომელთა ნაწილი შესრულდა”, – აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის მიერ ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის შედეგად, კვლავაც იკვეთება მსხვერპლის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების, საქმეთა სათანადო კვალიფიკაციისა და გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის სახელდების პრობლემები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2020 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი) 19 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 12 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, 7 შემთხვევაში კი – სხვა მოტივი. ამასთან, დაფიქსირდა 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგან 11 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.
კონფერენციის შეჯამებისას საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ფემიციდის შემთხვევების მონაცემების შეგროვების გაუმჯობესების მიუხედავად, სისტემური ხარვეზების აღმოსაფხვრელად, საქმეთა შესწავლისას კომპლექსური მუშაობაა მნიშვნელოვანი.
შეგახსენებთ, ფემიციდის მონიტორინგს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2016 წლიდან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის მიზანი პრობლემის რეალური მასშტაბის, გამოყენებული დაცვისა თუ პრევენციული ღონისძიებების კუთხით არსებული ხარვეზების შეფასებაა.