“კოვაიდერი” – ახალი პლატფორმა, სადაც ვირუსის შესახებ ინფორმაციას, ასევე, რჩევებსა და რეკომენდაციებს მიიღებთ

საქართველოში ახალი პლატფორმა – “კოვაიდერი” შეიქმნა, რომლის მიზანია კოვიდინფიცირებულებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება როგორც კორონავირუსის შესახებ, ასევე – რჩევები და რეკომენდაციები.

მომხმარებლის კითხვებზე პასუხს ცნობილი ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი გასცემს.

იმისთვის, რომ ინფიცირებულებმა რთული პერიოდი მარტივად გადაიტანონ, უნდა მოიძიონ “ფეისბუქ” გვერდი – „კოვაიდერი“ და მიჰყვნენ მოცემულ ბმულს: რას აკეთებთ სიმპტომების შემთხვევაში; რა დროს უნდა გავიკეთოთ COVID-19-ის ტესტირება; სად ხდება PCR ტესტირება; როგორია თვითიზოლაციის წესები; რეკომენდაციები.

“კოვაიდერის” შემქნელები განმარტავენ, რომ პლატფორმის გამოყენებისას კომუნიკაციის პროცესი შეიძლება, დაიწყოთ სიტყვით – “გამარჯობა”. შემდეგ ეტაპზე ის თავად მოგცემთ პასუხის არჩევის შესაძლებლობას, რაც ღილაკზე თითის დაჭერით შეგიძლიათ (იქნება ალტერნატივები, რომელსაც უნდა მიჰყვეთ).

“ამ ეტაპისთვის, ბოტთან ნებისმიერი წინადადების მიწერა გამოიწვევს საწყის ეტაპზე დაბრუნებას, შესაბამისად, გთხოვთ – ტექსტი მხოლოდ მაშინ ჩაწეროთ და გაგზავნოთ, როცა ამას თავად სისტემა მოგთხოვთ, მაგალითად – სიცხის გაზომვისა და დაფიქსირების დროს ან სიმპტომების აღწერის ველში. აქვე გეტყვით, რომ “კოვაიდერი” ყოველდღიურად განახლდება და უფრო მეტ კითხვაზე გიპასუხებთ”, – ნათქვამია განმარტებაში.

ახალი პლატფორმის შემქნელები არიან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე – ნინო ზამბახიძე, “აჭარა ჰოლდინგის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – ვალერი ჩეხერია, ბიზნეს აქსელერატორი სპარკის მენეჯერი – სანდრო კანდელაკი, ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად.

როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ განაცხადა, ქვეყანაში სწორ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გამოწვევაა, “უმრავლეს შემთხვევაში, ვირუსს სახლის პირობებში ვებრძვით და სწორედ ეს პლატფორმა დაეხმარება ინფიცირებულებს, თუ როგორ უნდა წარმართონ სწორად ვირუსთან ბრძოლა. ამ პლატფორმის საშუალებით ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება ექიმის კონსულტაცია, რაც არსებულ ეპიდსიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის და უფრო მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვეყოლება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები