ლინლკოლნ მიტჩელი: ტრამპის გადაწყვეტილებებმა ბევრ ამერიკელ მოკავშირეს შეუქმნა პრობლემები, მაგრამ საქართველო ამას გადაურჩა
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და პოლიტიკის ანალიტიკოსი, ლინკოლნ მიტჩელი, Brussels Morning-ში გამოქვეყნებულ მის ახალ სტატიაში, საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტზე, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, ქართული დიპლომატიის მიერ მიღწეულ წარმატებებაზე და ასევე, მიხეილ სააკაშვილსა და დონალდ ტრამპის მეგობრობასა და მათ შორის მსგავსებებზე წერს.
სტატიის ავტორის თქმით, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის არსი მდგომარეობდა საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებაში, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ორ ქვეყანას შორის მიმდინარე, ძლიერი ორმხრივი კავშირების მიმართულებებით.
ლინკოლნ მიტჩელის შეფასებით, როდესაც 2016 წელს, დონალდ ტრამპი გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, საქართველოსთვის, ათწლეულების მანძილზე ამერიკასთან ჩამოყალიბებული კარგი ურთიერთობები საფრთხის წინაშე დადგა, რადგან ტრამპმა აირჩია ამერიკის იზოლაციური როლი მსოფლიო პოლიტიკაში.
ავტორი საქართველოსა და უკრაინას შორის პარალელს ავლებს მათი ამერიკასთან ურთიერთობის თვალსაზრისით და წერს, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ჩათრეული ამერიკის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, განსხვავებით უკრაინისა და იმ პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მსგავსად, რომლებიც დასავლეთში ინტეგრაციას ესწრაფვიან.
მიტჩელი მიიჩნევს, რომ ბოლო 4 წლის მანძილზე, საქართველოს ყველაზე დიდი სტრატეგიული მიღწევა აშშ-თან ურთიერთობაში წარმოადგენდა ყურადღების ცენტრიდან გასვლა. „თუნდაც ისეთი პრეზიდენტობის მანძილზე, როგორი ექსცენტრიული პრეზიდენტობაც დონალდ ტრამპს ჰქონდა, რომელსაც რუსეთთან შემაშფოთებელი კავშირები აქვს, სანამ საქართველო არ იყო ახალ ამბებში, მაშინ ის იყო შედარებით დაცული არაპროგნოზირებადი ამერიკელი პრეზიდენტის კაპრიზული მმართველობისგან. ტრამპის გადაწყვეტილებებმა, როგორიცაა ჩრდილოეთ სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანა, ნატოსთან აშშ-ს კავშირის შესუსტება და პარიზის კლიმატის შეთანხმებებიდან გასვლა, ბევრ ამერიკელ მოკავშირეს შეუქმნა პრობლემები, მაგრამ საქართველო ამას გადაურჩა.”
ლინკოლნ მიტჩელი ირონიულს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საქართველო ათწლეულების მანძილზე ცდილობდა შეენარჩუნებინა საკუთარი პრიორიტეტულობა ამერიკისთვის და გაეძლიერებინა საკუთარი პროფილი ვაშინგტონის თვალში, თუმცა ამ მცდელობების წარმატების გასაღები ბოლო 4 წლის მანძილზე, აღმოჩნდა თავშეკავებულ პოზიციაში ყოფნა ტრამპის ადმინისტრაციასთან, თუმცა საქართველომ შეძლო და განაგრძო ამერიკის კონგრესთან, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სააგენტოებთან ურთიერთობების განმტკიცება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველო-ამერიკის კავშირებში.
ავტორი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და დონალდ ტრამპის კავშირებსა და მათ პერსონებს შორის მსგავსებებზეც წერს.
„ორი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობს შორის კიდევ ერთი უცნაური ასპექტია, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ტრამპი ჯერ კიდევ ბრენდების შემქმენლი და რეალითი სატელევიზიო შოუს ვარსკვლავი იყო, ხოლო საქართველოს ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილი, რომლის პარტიამ ძალაუფლება დაკარგა 2012 წლის ბოლოს. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ტრამპი ეწვია საქართველოს და გამოაცხადა შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში მშენებლობის დაგეგმვის შესახებ. ეს სასტუმრო არასდროს აშენებულა, მაგრამ ორმა მამაკაცმა, რომლებიც ტემპერამენტულად არც ისე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მეგობრობა ჩამოაყალიბეს. ახლო მეგობრობა ტრამპსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს შორის ძალიან დესტაბილიზაციის მომტანი შესაძლოა, რომ ყოფილიყო საქართველოსთვის. სააკაშვილი ახლა მუდმივად მომაბეზრებელი ოპოზიციონერია და მისი საუბარი რევოლუციაზე საქართველოში დესტრუქციულია და ანადგურებს უფრო რაციონალურ ოპოზიციურ ხმებს, ეს როლი ტრამპმა შეიძლება მალე მოირგოს აშშ-ში”,- წერს მიტჩელი.