ნინო ბურჯანაძე: მოლაპარაკების მესამე რაუნდის გამართვა ხელისუფლების ადეკვატურობაზეა დამოკიდებული, რაუნდი-რაუნდისთვის არ გვჭირდება
“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება თუ არა, ეს „ქართული ოცნების“ გუნდის ადეკვატურ ქმედებებზეა დამოკიდებული.
მისივე თქმით, არანაირ მოლაპარაკებას აზრი არ ექნება, თუ ხელისუფლება ოპოზიციას სერიოზულ წინადადებას არ შესთავაზებს.
„მესამე რაუნდის გამართვა აბსოლუტურად არის დამოკიდებულები ხელისუფლების ადეკვატურობაზე იმიტომ, რომ, ბუნებრივია, მოცლილი არც ჩვენი მეგობარი ელჩები არიან, ჩვენც რაუნდი-რაუნდისთვის არ გვჭირდება. მთავარია, რომ მოლაპარაკებებს გარკვეული შედეგი მოყვეს. ჩვენი მხრიდან ნათლად არის ნათქვამი, რა არის პირობები – ეს არის ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რაც მთავარია, ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები. ვადამდელი არჩევნები სერიოზული კომპრომისია ჩვენი მხრიდან, იმიტომ, რომ ეს პარლამენტი ნამდვილად არალეგიტიმურად არის არჩეული. ახლა ხელისუფლებამ უნდა მოიტანოს კონკრეტული წინადადება, თან სერიოზული. როცა ხელისუფლება ლაპარაკობდა გადათვლაზე, მან გადათვლის კარები თავადვე ჩაკეტა ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმით, რომელიც უკანონოდ და დროზე ადრე მიიღო, ასევე სასამართლოების გადაწყვეტილებით, რომელმაც ყველა ოპოზიციურ პარტიას გაერთიანებული სარჩელის განხილვაზე უარი უთხრა. თუ წინადადებას მოიტანენ, კეთილი ინებონ და ამ წინადადებას სერიოზული სახე ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არანაირ რაუნდს აზრი არ ექნება“,- განაცხადა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიცია ბოიკოტს აგრძელებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.