შვედი პარლამენტარი ბიორნ სოდერი – სააკაშვილი დაეცა შეურაცხყოფებისა და არარეალისტური ბრალდებების დონეზე, დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოიხადოს
შვედი პარლამენტარის, ბიორნ სოდერის თქმით, უპასუხისმგებლობაა და უგუნურება, როცა ადამიანი ევროპელ კანონმდებლებს ბრალად სდებს კრემლთან შეხმატკბილებას. მისივე თქმით, სააკაშვილმა სიტყვები უკან უნდა წაიღოს და დაუყოვნებლივ მოიხადოს ბოდიში. ამის შესახებ ვრცელ სატიას გამოცემა Neweurope აქვეყნებს.
„ყოველივე ეს მიუთითებს საგანგაშო ანტიდემოკრატიულ მახასიათებელზე, რომ სააკაშვილი არ არის მზად ქართველი ხალხის მიერ გამოტანილი ვერდიქტის მისაღებად. უფრო მეტიც, იგი დაეცა შეურაცხყოფებისა და არარეალისტური ბრალდებების დონეზე ნებისმიერი ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელიც კი ადასტურებს არჩევნების შედეგების ფაქტს. უპასუხისმგებლობაა და უგუნურება, როცა ადამიანი ევროპელ კანონმდებლებს ბრალად სდებს კრემლთან შეხმატკბილებას. სააკაშვილმა სიტყვები უკან უნდა წაიღოს და დაუყოვნებლივ მოიხადოს ბოდიში.
ის, თუ რა უნდა მოხდეს ახლა, ცხადზე ცხადია: საქართველოში უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი და დემოკრატიული გადასვლა ახალ პარლამენტსა და ახალ მთავრობაზე. და ეს პროცესი უკვე ამოქმედებულია. ისევე, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, საქართველოც დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე (მათ შორისაა მიმდინარე COVID პანდემია) და ქვეყანას სჭირდება ფუნქციონალურად გამართული პარლამენტი. საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის სადამკვირვებლო მისიები, ეთანხმებიან არჩევნების შედეგებს. დადგა დრო, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა კონსტრუქციულად უნდა იმოქმედონ: მათ შორის, უარი თქვან არჩევნების მეორე რაუნდის ბოიკოტირებაზე, რაც წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის სათანადო ფუნქციონირების შეფერხების მიზანმიმართულ მცდელობას.
თუკი სააკაშვილს ამის გაკეთება არ შეუძლია და ურჩევნია მედიის მეშვეობით ანტიევროპული შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება, იგი, ალბათ, უნდა გამოირიცხოს კონსტრუქციული მომავლის სურათიდან. გულწრფელად გამოვთქვამ იმედს, რომ მის კომენტარებს არ ექნება გავლენა ქართველებზე, რომლებსაც შეუძლიათ იამაყონ დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მიმართ ერთგულებით,” – განაცხადა ბიორნ სოდერმა Neweurope -სთან.