გიორგი კანდელაკი: დიალოგის ფარგლებში მთავრობამ უნდა დადოს გონივრული კომპრომისი, როგორ და როდის ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები

“ახალგაზრდებს, ვისაც არ ახსოვს, საბჭოთა კავშირში არჩევნები იყო სწორედ ასეთი, როცა იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი, კომუნისტური პარტია”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას და მთავრობას შორის დიალოგი მიმდინარეობს ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების შუამდგომლობით და ამ დიალოგის ფარგლებში მთავრობამ უნდა დადოს გონივრული კომპრომისი, როგორ და როდის ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.

„იმდენად მასშტაბური იყო გაყალბება და კრიმინალი, რომ ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებაა, არ მივცეთ ლეგიტიმაცია ამ ფარსს და აქედან გამომდინარე მეორე ტურებს, არც პარლამენტს ექნება პოლიტიკური ლეგიტიმაცია. ახალგაზრდებს, ვისაც არ ახსოვს, საბჭოთა კავშირში არჩევნები იყო სწორედ ასეთი, როცა იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი, კომუნისტური პარტია და სხვათა შორის, არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ამ კომუნისტური პარტიის „მოღვაწე“ „ქართულ ოცნებაშია“ დღეს. როცა მთელ ქვეყანაში, უბნების 53 პროცენტში იყო ბიულეტენების მეტობა, ნაკლებობა, ჩაყრის ან კარუსელის მტკიცებულება, ამ სისხლის სამართლის დანაშაულს პასუხისმგებელი ოპოზიცია და „ევროპული საქართველო“ ლეგიტიმაციას ვერ მისცემს, კვერს ვერ დაუკრავს. დიალოგი პარლამენტის შიგნით აწარმოონ საკუთარ თავთან. ოპოზიციას და მთავრობას შორის დიალოგი მიმდინარეობს ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების შუამდგომლობით და ამ დიალოგის ფარგლებში მთავრობამ უნდა დადოს გონივრული კომპრომისი, როგორ ჩატარდეს და როდის ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. იმის გათვალისწინებით, რომ ვერ მისცემს ლეგიტიმაციას 31 ოქტომბერს მომხდარ კრიმინალს, ოპოზიცია მზად არის, იყოს მაქსიმალურად კონსტრუქციული, რომ საზოგადოების ნების გამომხატველი არჩევნები ჩატარდეს ახლო მომავალში. შერბილებული ტონი „ქართული ოცნების“ პერსონაჟების მხრიდან სწორედ იმაზე მიანიშნებს, რამხელა ჩიხში შეიყვანეს ქვეყანა და მათ ესმით, რა დღეში ჩაყარა ივანიშვილის ამ ახირებამ. მათ უნდათ თუ არა, აუცილებლად მოუწევთ საზოგადოების უმრავლესობასთან კომპრომისზე წასვლა“, – განაცხადა კანდელაკმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები