საქართველოს პროკურატურის ჩართულობით ევროკავშირის პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა ევროკავშირის პროექტის – „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, შეხვედრაზე პროექტის ბენეფიციარი საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებთან ერთად ის პრიორიტეტული მიმართულებები და მიღწეული შედეგები განიხილეს, რომლებიც ბოლო წლების აქტიური ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

“შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს და აღინიშნა, რომ ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შესაბამისობაში იქნება ერთი მხრივ, პროკურატურის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებთან, ხოლო მეორე მხრივ, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების თანამედროვე სტანდარტებთან. ასევე, მონაწილეებმა იმსჯელეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისა და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზეც, რაც პოზიტიურად აისახება სისტემის მენეჯმენტის მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების ხარისხზე. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერით საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ სამსახურებს შორის მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში არაერთი ინოვაციური პროექტი განხორციელდა, როგორიც არის ანალიტიკური პორტალის ციფრული პლატფორმა, პროკურორებსა და პროკურატურის გამომძიებლებს შორის სამუშაო მოცულობის თანაბრად განაწილებისა და მათი დატვირთვის მონიტორინგის ციფრული ხელსაწყოები. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ მომავალშიც არაერთი საინტერესო სიახლე იგეგმება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ევროკავშირის ჩართულობას პროკურორთა შეფასებისა და რანგირების სისტემის შემუშავებაში, რომელიც პროკურატურის სისტემაში მოტივაციური მენეჯმენტის მოდელზე დაფუძნებულ ინოვაციურ პროექტს წარმოადგენს. შეფასებისა და რანგირების სისტემები თითოეულ თანამშრომელს აძლევს შესაძლებლობას, რომ ამ უწყებაში მათი პროფესიული და კარიერული განვითარების ეტაპები გახდეს კიდევ უფრო პროგნოზირებადი, კონკურენტული და გაზომვად შედეგებზე დაფუძნებული.

ნათია მერებაშვილმა ასევე ისაუბრა პროკურორებსა და გამომძიებლებს შორის ფუნქციების გამიჯვნის ახლებური საკანონმდებლო მოდელის შემუშავებაზე და ხაზი გაუსვა ამ პროცესში ყველა დაინტერესებული აქტორისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შემხებლობაში მყოფი უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობის მნიშვნელობას,”- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ევროკავშირის პროექტს – „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ პროდუქტიული თანამშრომლობისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ პროექტის გუნდთან კვლავ აქტიურ და ეფექტიან თანამშრომლობას გააგრძელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები