“21 ნოემბერს, არჩევნების დღეს 17-ვე ოლქის საარჩევნო უბნებზე ზედმიწევნით იქნება დაცული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები”, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა.
საკოორდინაციო საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ 21 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გათვალისწინებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, რამდენადაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, დღეს და ხვალ – 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება. ცვლილება მთავრობის შესაბამის დადგენილებაში შევიდა. დაწესებული შეზღუდვა 22 ნოემბრის 22:00 საათიდან ისევ ამოქმედდება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და წერტილოვან შეზღუდვებზე, ასევე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.
,,საბჭოზე ასევე ყურადღება გამახვილდა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. ჯანდაცვის მინისტრმა საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა როგორც ბინაზე მკურნალობის, ასევე კოვიდ-სასტუმროებსა და ჰოსპიტალებში დღეის მდგომარეობით არსებულ ვითარებაზე. ტესტირების პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და აღნიშნა, რომ PCR-ტესტების პარალელურად, კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის უკვე აქტიურად გამოიყენება ანტიგენზე დამყარებული ტესტები.
საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის აუცილებლობას, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა,” – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 96 860 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 77 932 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 894 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2226 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში – 3411 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 5879 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.