ბიძინა კულუმბეგოვი: ტრანსპორტთან დაკავშირებით ძალიან ჭკვიანურად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ეს შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი

იმუნოლოგ-ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვების შემოღება, რაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფისთვის არასასიამოვნოც შეიძლება აღმოჩნდეს.

მისი თქმით, ყველაზე ეფექტურია იმ ობიექტების დახურვა, სადაც პირბადე ნაკლებ სარგებელს ატარებს, მაგალითად, ბარები, რესტორნები, სპორტდარბაზები, ასევე უნდა შეიზღუდოს იმ ობიექტების მუშაობა, რომლებიც სურსათთან და აფთიაქთან დაკავშირებული არ არის.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მისი თქმით, აქ ძალიან ჭკვიანურად უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, ან კონტროლი გამკაცრდეს, რაოდენობა შემცირდეს და არ მოხდეს მისი მთლიანად გაჩერება.

როგორც მან “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, საკითხზე გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭო უკვე შემდეგ კვირას მიიღებს.

“რთულია მოკლე პერიოდში გაუმჯობესება მივიღოთ. სიტუაციის აღქმაში მაქსიმალურ გონიერებას უნდა მოვუხმოთ და რაციონალიზმი არ დავკარგოთ. არ არსებობს ისეთი ღონისძიება, რომელსაც პანდემიის დასრულება ხვალვე შეეძლებოდა. ნებისმიერი შეზღუდვის შედეგი, შესაძლოა მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ ვიხილოთ.

ჩვენ ვერ ავცდებით რაღაც ტიპის შეზღუდვებს, ეს პრემიერთან შეხვედრაზეც ვთქვი. შეიძლება ეს საზოგადოების გარკვეული ჯგუფისთვისაც არასასიამოვნო აღმოჩნდეს. ვხედავთ, გერმანიაში ანგელა მერკელის წინააღმდეგ როგორი ტიპის გამოსვლებია. მაგრამ ჩვენთვის ეს შეზღუდვები გარდაუვალია. რაც მეტად სწრაფად იქნება შემოღებული შეზღუდვა, მით ნაკლებად დავზარალდებით.

ყველაზე ეფექტურია იმ ობიექტების დახურვა, სადაც რეალურად პირბადე ნაკლებ სარგებელს ატარებს, ეს არის რესტორანი, ბარი, კაფე, ღამის კლუბი და სპორტდარბაზები. მესმის, რომ ჩვენს ქვეყანაში არის შეუსაბამობა ჩვენს სიდუხჭირესა და ეპიდემიას შორის, მაგრამ, მე როგორც ექიმი ვარ მომხრე, რომ შეიზღუდოს იმ ობიექტების მუშაობა, რომლებიც სურსათთან და აფთიაქთან დაკავშირებული არ არის. არ უნდა დავაგვიანოთ. ტრანსპორტთან დაკავშირებით კი, ძალიან ჭკვიანურად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ან კონტროლი გავამკაცროთ, რაოდენობა შევამციროთ და მის მთლიან გაჩერებაზე უარი ვთქვათ, რომ მოქალაქეები არ დაზარალდნენ.ძალიან რთული გადასაწყვეტია. ვფიქრობ, შემდეგ კვრაში ეს გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და უნდა დაველოდოთ”,- თქვა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები